ახალი ამბები

გაფართოვდა ქუთაისის აეროპორტის ავტოსადგომი – პარკინგი უკვე 700 მანქანას დაიტევს

18 იანვარი, 2024 • 1690
გაფართოვდა ქუთაისის აეროპორტის ავტოსადგომი – პარკინგი უკვე 700 მანქანას დაიტევს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 450 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო. აეროპორტის პარკინგზე უკვე 700 მანქანის ერთდროულად გაჩერება იქნება შესაძლებელი. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტოსადგომის გაფართოებისთვის დაიხარჯა 3.9 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები და საფეხმავლო ბილიკები.  ჯამში, დაიგო 20 000 კვადრატული მეტრი ასფალტი. ასევე, მოეწყო წყალარინების სისტემა, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და დეკორატიული ღობე. ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა.

“ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმაზე, რომლის თანახმადაც ჩვენი აეროპორტი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იქნება ევროპაში, არამედ შეძლებს საუკეთესო საერთაშორისო მომსახურება შესთავაზოს მგზავრებს. შარშან ამ აეროპორტით დაახლოებით 1,7 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა და ველოდებით, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაქსიმალური კომფორტით დახვდნენ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია. ასევე,  დაიწყება ახალი 3,5- კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რათა მომავალში აეროპორტმა ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო ხომალდების მიღება შეძლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი