ახალი ამბები

დაბალბიუჯეტიანი ნიდერლანდური ავიაკომპანია Transavia საქართველოში შემოვიდა

21 აპრილი, 2024 • 2522
დაბალბიუჯეტიანი ნიდერლანდური ავიაკომპანია Transavia საქართველოში შემოვიდა

დაბალბიუჯეტიანმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია კვირაში 2-ჯერ, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ, რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

Transavia-ს მიერ შესრულებულ პირველ რეისს ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარსელ დე ნუაიერი ჩამოჰყვა.

“შესანიშნავი აეროპორტი გაქვთ. მოხარულები ვართ, რომ ნიდერლანდები პირდაპირი საჰაერო გზით დააკავშირებს როგორც ტურისტულ, ისე ბიზნეს ვიზიტორებს საქართველოსთან. რაც დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე. საქართველო თავისი კულტურით, ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით ბევრ სიკეთეს სთავაზობს მგზავრებს”, – განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება გასულ წელს დაიწყო.

“მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს უფრო მეტი ფრენით ხვდება. კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოვიდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Transavia 1965 წლიდან მუშაობს და ამ ეტაპზე, ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მასშტაბით, 110-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი