ახალი ამბები

TI: ე.წ. “ოდეერის” პრობლემის უარყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არასერიოზულია

26 ოქტომბერი, 2013 • • 1422
TI: ე.წ.  “ოდეერის” პრობლემის უარყოფა  შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არასერიოზულია

“ტელეკომპანია იმედზე გასული სიუჟეტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სამინისტროს წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღნიშნულ განცხადებას „არასერიოზული” უწოდა.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი გამოხმაურების ფაქტს. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ანგარიშში საუბარი იყო ე.წ. „ოდეერების”  (офицер действующего резерва) ინსტიტუტზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოქმედებდა. აღნიშნულ ინსტიტუტს იყენებდა როგორც შევარდნაძის, ასევე ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობა.  ანგარიშში ასევე საუბარი იყო იმ ფაქტზე, რომ  ხელისუფლებამ არ გამოიძია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებები მათზე განხორცილებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.  შსს-ს წამომადგენლის ტელევიზიაში არსებობასა და მისი მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა  საბჭოს თავმჯდომარე – ემზარ გოგუაძეც. სამინისტროს განცხადებით, გოგუაძის მიერ დასახელებულია ირაკლი ციბაძე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შსს-ს თანამშრომელი არასდროს ყოფილა.

 

ე.წ. „ოდეერების” თემა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაჟღერდა საჯაროდ. მაგალითად, „ოდეერების” ინსტიტუტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს 17 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გაზეთ „რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჰკითხა.

 

ივანიშვილმა დაადასტურა აღნიშნული ინსტიტუტის არსებობა და განაცხადა: „პირდაპირ მტკივნეულზე აჭერ, ლაშა. ახლა ვერ გავახმაურებ, მთავრობის სხდომაზე ორჯერ მქონდა პოლემიკა ამაზე, იუმორიც ბევრი იყო და კრიტიკული გამონათქვამებიც, ვერ გამოვიტან ამას გარეთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ამაზე უარი ვთქვათ და უახლოეს პერიოდში მოვახერხებთ. გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. სამინისტროებში მაქსიმალურ გამჭვირვალეობას მივაღწევთ“.

 

„საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენელი მარეგულირებელ კომისიაში ზაზა მაზმიშვილია, რომელსაც თანამშრომლები „გენერალს” ეძახიან. კომისიის ვებ–გვერდის მიხედვით, ზაზა მაზმიშვილი კომისიის თავმჯდომარის მრჩეველია. მან მარეგულირებელ კომისიაში მუშაობა ამა წლის 1 მაისს დაიწყო, იმ პერიოდში, როდესაც მისი უშუალო ხელმძღვანელი, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი სამსახურში არ ცხადდებოდა.

 

იმავე სახელითა და გვარით პიროვნება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მუშაობს. მან მაისის შუა რიცხვებში ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. მაზმიშვილმა სამინისტროში მუშობა წელს დაიწყო, რადგან მის დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ ის შსს-ს თანამშრომელი შარშანაც იყო(ქონებრივ დეკლარაციას საჯარო მოხელეების სამსახური დაწყებიდან ერთი თვის ვადაში ავსებენ). 2002 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით ვინმე ზაზა მაზმიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი იყო.

 

კიდევ ერთხელ ვთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს სამეურვეო საბჭოზე ზეწოლის საკითხი, გამოითხოვოს სამინისტროს წარმომადგენლები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და პატივი სცეს ისეთი ინტიტუტების დამოუკიდებლობას, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებელი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა და რომელთა ხელშეუხებლობაც კანონითაა დაცული.

 

ვფიქრობთ, რომ იმის ფონზე, როდესაც “ოდეერ”-ის ინსტიტუტის პრობლემაზე თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული ფაქტის უარყოფა არასერიოზულია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი