GIPA-მ შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ზაზა სიამაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA)მიწვეულ ლექტორს, ზაზა სიამაშვილს შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, რომელიც მან ფეისბუკ გვერდზე განათავსა, კონტრაქტი შეუწყვიტა. ამის შესახებ ნეტგაზეთს GIPA-ში დაუდასტურეს.

ინსტიტუტი ლექტორს, რომელიც GIPA-ში დაახლოებით 5 წელი მუშაობდა,  ეთიკის შიდა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედავება.

“ეს საკითხი თავიდან განიხილა რექტორატმა, საკითხის განხილვის შემდეგ, რექტორატის ბრძანების საფუძველზე, დისციპლინარული კომისია შეიქმნა, რომელმაც კიდევ ერთხელ განიხილა საკითხი, შეხვდა ჩვენს მოწვეულ ლექტორს, ზაზა სიამაშვილს და დადგინდა, რომ GIPA-ს ეთიკის კოდექსის 2 მუხლი მართლაც დაირღვა,” – განმარტავენ GIPA-ში.

მათივე თქმით, ინსტიტუტის დისციპლინურმა საბჭომ ყველაზე მკაცრი დისციპლინური სასჯელი გამოიყენა, რაც კონტრაქტის შეწყვეტას გულისხმობს.  

“ეს რეკომენდაცია განიხილა რექტორატმა და რექტორატმა მიიღო გადაწყვტილება, გაითვალისწინა საბჭოს რეკომენდაცია და შეწყდა კონტრაქტი ბატონ ზაზა სიამაშვილთან,” – გვითხრეს GIPA-ში.

რაც შეეხება მუხლებს, როგორც ნეტგაზეთს განუმარტეს, ერთ-ერთი მათგანი საერთო საუნივერსიტეტო ღირებულებების მიმართ პატივისცემას აუცილებლობაზე აპელირებს, ხოლო მეორე შემდეგ ვალდებულებებს მოიცავს:

“უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები თავს იკავებენ მასობრივი მაუწყებლობის ან სოციალური ქსელების მეშვეობით, ისეთი საჯარო გამოსვლების და განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც შეუფერებელია ლექტორის სტატუსთან და პირდაპირ ან ირიბად აყენებს ზიანს უნივერსიტეტის ან/და სტუდენტების პატივსა და ღირსებას და რეპუტაციას”

საქმე ეხება ზაზა სიამაშვილის განცხადებას, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და ქალების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი შინაარსის იყო.“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

“რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი “შესავიწროვებელი” ვერ დავლანდე…. ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს…. არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!” – წერს სიამაშვილი სოციალურ ქსელში.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ GIPA მას საჯაროდ გაემიჯნა.

GIPA კატეგორიულად ემიჯნება ზაზა სიამაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. მსგავსი ტიპის განცხადებები…

Posted by GIPA on 2018 წლის 28 მარტი, ოთხშაბათი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან