ახალი ამბები

ვაქცინაცია უნივერსიტეტებში — სად რამდენი ლექტორია აცრილი

20 აგვისტო, 2021 • 5419
ვაქცინაცია უნივერსიტეტებში — სად რამდენი ლექტორია აცრილი

უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 5 ათასზე მეტ ახალ შემთხვევას აღრიცხავენ, გარდაცვლილთა რიცხვმა 6600-ს გადააჭარბა და ჯერჯერობით  არ ჩანს ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის კლების ტენდენცია. ამის პარალელურად, ათიათასობით სტუდენტი და ლექტორი ელოდება, როდის და რა ფორმით განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში.

საკოორდინაციო საბჭოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ასევე, ვითარების დასტაბილურების აუცილებლობაზე.

თუ როგორ, რა ფორმით განახლდება სწავლა, რეგიონებში მცხოვრები ათასობით სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ბევრ მათგანს მოუწევთ, დაგეგმოს ბინის დაქირავება და სხვა ლოჯისტიკური საკითხები.

ნეტგაზეთმა საქართველოში მოქმედ რამდენიმე მსხვილ უნივერსიტეტს ჰკითხა, მათი თანამშრომლების რამდენი პროცენტია აცრილი.

უნივერსიტეტების უმეტესობამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, თუმცა შემოდგომაზე აუდიტორიებში სწავლის განახლების საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამდე ბუნდოვანია.

„თანამშრომელთა 50%-მდე უკვე ვაქცინირებულია“ – თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თანამშრომელთა 50%-მდე უკვე აცრილია. თუმცა არ აკონკრეტებენ, მათგან რამდენია ლექტორ-სემინარისტი. თსუ-ში ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.

რაც შეეხება აცრის წამახალისებელ ღონისძიებებს, უნივერსიტეტის თქმით, თსუ-ს ფეისბუკ გვერდზე, ვებსაიტზე, პირად მეილებსა და შესაბამის პორტალზე პერიოდულად ვრცელდება ვაქცინაციის პროცესის მხარდამჭერი ინფორმაცია, იქნება ეს მოწოდებები, მსოფლიოში არსებული სტატისტიკა, საინფორმაციო სიახლეები თუ სხვა.

„ფბ გვერდზე განთავსდა საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების — ვაქცინირებული თსუ-ელების ფოტოები და მოწოდებები ვაქცინაციისკენ, დამზადდა ფბ ჩარჩო ე.წ. ფრეიმი, წარწერით „ავიცერი“, „მე მჯერა მეცნიერების“. ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენლის საინფორმაციო შეხვედრა თსუ-ს პროფესორებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან“, — წერია უნივერსიტეტიდან ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

ფეისბუკზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ სექტემბრიდან აუდიტორიებში მხოლოდ იმ სტუდენტებს დაუშვებენ, რომლებიც ვაქცინირებულები იქნებიან. ჩვენ ვკითხეთ თსუ-ს, ხომ არ განიხილავენ ამგვარ ნაბიჯსაც.

„ახალ სასწავლო წელს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტი იხელმძღვანელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებით. თუმცა ვაქცინაციის პროცესის წარმატებულ განხორციელებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, — გვიპასუხა უნივერსიტეტმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფოტო: თსუ-ს ფეისბუკ გვერდი

„ილიაუნიში პროფესურის 90% აცრილია“ — გიგა ზედანია

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი გიგა ზედანია ნეტგაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ილიაუნის პროფესურის 90% აცრილია. აცრილია ასევე ადმინისტრაციული შტატის უმრავლესობაც.

„ჩვენ ვიყავით უნივერსიტეტი, რომელმაც ჯერ კიდევ მარტში დავიწყეთ ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანია — ეს იყო ვიდეოების ჩაწერა, საინფორმაციო ტექსტების გავრცელება და ა.შ. ამაში ჩავრთეთ ჩვენი პროფესორები როგორც პროფილური სფეროებიდან — ბიოლოგია, მედიცინა — ასევე, არაპროფილურიდან. მაშინ ჯერ კიდევ არც იყო მასობრივი ვაქცინაცია დაწყებული საქართველოში, მაგრამ ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ ავიცრებით და არა მხოლოდ ვამბობდით, არამედ, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, წავედით და ავიცერით“, — აცხადებს ნეტგაზეთთან ზედანია.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ აპირებს უნივერსიტეტი, აუცრელი სტუდენტები არ დაუშვას აუდიტორიებში, რექტორი გვპასუხობს, რომ ასეთი რამ ილიაუნიში არ იგეგმება.

რაც შეეხება სწავლის დაწყებას, სხვა უნივერსიტეტების მსგავსად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ელოდება საკოორდინაციო საბჭოს გადაყწვეტილებას. გიგა ზედანია განმარტავს, რომ სწავლის დაწყებას, თუნდაც არადისტანციურად, ბევრი გარემო განაპირობებს, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფოტო: ილიაუნის ფეისბუკ გვერდი

პერსონალის 59% უკვე აცრილია, დარეგისტრირებულია და რიგს ელოდება 33% — იბსუ

როგორც ნეტგაზეთს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ უთხრეს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით შიდა კვლევა უკვე ჩატარდა როგორც პერსონალთან, ასევე სტუდენტებთან.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის 59% უკვე აცრილია, დარეგისტრირებულია და რიგს ელოდება 33%, აცრას არ აპირებს 8%. რაც შეეხება სტუდენტებს, გამოკითხულ სტუდენტთა 35% აცრილია, 45% გეგმავს ან უკვე რეგისტრირებულია ასაცრელად, 20% კი არ აპირებს აცრას.

„როდის და როგორ განახლდება სწავლა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, ვინაიდან დამოკიდებული ვართ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებაზე. უნივერსიტეტი მზადაა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, იქნება ეს აუდიტორიებში, დისტანციურად თუ ჰიბრიდულად სწავლის განახლება.

რაც შეეხება აუცრელი სტუდენტების აუდიტორიებში არდაშვებას, ამის შესახებ გადაწვეტილება უნივერსიტეტს არ მიუღია, მაგრამ იბსუ-მ მოუწოდა აკადემიურ, ადმინისტრაციულ, დამხმარე პერსონალს და სტუდენტებს, რომ აიცრან“, — გვითხრეს იბსუში.

მათივე ინფორმაციით, სექტემბერში უნივერსიტეტი აპირებს ასაცრელი თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის საყოველთაო აცრის ღონისძიების ორგანიზებას და მონაწილეთა წახალისებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ფოტო: იბსუ-ს ფეისბუკ გვერდი

სეუ და სტუ

„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ ორი სასწავლებელია, რომელთა მიმდებარე ტერიტორიაზეც მასობრივი აცრის სივრცეა მოწყობილი. აქ მოქალაქეებს ვაქცინაცია „ფაიზერის“; „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ წარმოების აცრებით შეუძლიათ.

ორივე უნივერსიტეტს ნეტგაზეთმა ჰკითხა, მისი თანამშრომლების რა ნაწილია ვაქცინირებული. სეუ-ში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს და პასუხი მომდევნო კვირას იქნება ცნობილი.

რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მართალია, პროცენტულად არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენი ლექტორია აცრილი, მაგრამ „უმეტესობა უკვე ორჯერადად აცრილია“. უნივერსიტეტისვე თქმით, თავად გასცემენ აცრის რეკომენდაციას და მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს უწყებათაშორისი  საკოორდინაციო საბჭო, მზად არიან სწავლის ნებისმიერი ფორმით დასაწყებად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფოტო: უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი

GIPA და ფრიუნი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციული პერსონალის 91%, ხოლო აკადემიური პერსონალის 90% აცრილია. თუმცა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელიც ელოდება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას სწავლის განახლებასთან დაკავშირებით.

„თავისუფალ უნივერსიტეტში“ კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით კითხვებზე ვერ გვიპასუხებენ. რაც შეეხება სწავლას, სხვა უნივერსიტეტების მსგავსად, ფრიუნიც საკოორდინაციო საბჭოს სამომავლო ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი