ახალი ამბები

GIPA-ს სტუდენტი 90-წამიანი ფილმების კონკურსის Depict-ის გამარჯვებულია

9 დეკემბერი, 2019 • 1567
GIPA-ს სტუდენტი 90-წამიანი ფილმების კონკურსის Depict-ის გამარჯვებულია

გულგუნ მემეთხანოვას ფილმი „16 წლის ცოლები“ (16-years-old Wives)  90-წამიანი ფილმების კონკურსის DepicT-ის გამარჯვებულია!! გულგუნი ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით ბრისტოლის Encounters-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება.

შორთლისთში მოხვედრილი 30 ფილმის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ჩვენების შემდეგ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. ჟიურის წევრებს შორის იყო რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი, რეჟისორი დავით ჯანელიძე და ბრისტოლის კინოფესტივალ Encounters-ის დირექტორი რიჩ უორენი.

DepicT!-ის მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან. კონკურსის საშუალებით, მისცენ მათ შესაძლებლობა იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიცაა ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.

„16 წლის ცოლები“ (16-years-old Wives) GIPA Media Lab-ის ერთ-ერთი პრიზიორია. GIPA MEDIA LAB-ის ისტორიაში გულგუნ მემეთხანოვა პირველი მონაწილე იქნება, რომელიც GIPA-ს სამაგისტრო პროგრამაზე უფასოდ ისწავლის. მისი ფილმი საქართველოში ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები ჩურჩულით ყვებიან თავინათ ისტორიას, ამ დროს კი ეკრანზე მხოლოდ ერთი კადრი – სოფლის ხედი ჩანს.

გულგუნი მონაწილეობას GIPA Media Lab-ის ტრენინგებში წელსაც იღებს. ამჯერად იგი სრულიად ახალ იდეაზე მუშაობს.

უკვე მესამე წელია, რაც GIPA Media Lab-ის ტრენინგები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის საელჩოს თანადგომით და სრული დაფინანსებით მიმდინარეობს. ტრენინგები ორ რეგიონში, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში იმართება. ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თხრობის უნარების, სოციალური კამპანიების, ჟურნალისტური კვლევებისა და შინაარსის მრავალფეროვან ფორმატში დამუშავების ტექნიკას სწავლობენ. ტრენინგები 1 წლის განმვლობაში გრძელდება და წლის ბოლო საუკეთესო ნამუშევრების ავტორები შესაბამისი პრიზებით ჯილდოვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი