ახალი ამბები

საია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელ ჯგუფში არ მონაწილეობენ

22 ოქტომბერი, 2013 • • 1556
საია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელ ჯგუფში არ მონაწილეობენ

„საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უნდა იცოდეს, რადგან მაღალი ინტერესი არსებობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან:

 

„ასევე, მგონია, რომ ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, შესაბამისად, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი როლი  უნდა ჰქონდეს პროკურატურას და იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციას შეაგროვებენ, უნდა გადაწყვიტონ, რა ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ძალიან სენსიტიური თემაა და წინასწარ შეფასებები იმისა, თუ რა მოხდა ლაფანყურში, ავნებს ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენი ორგანიზაცია ამ კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება.“

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საია აღნიშნული კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, თუმცა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ კომისიას სიმართლის დადგენა გაუჭირდება, რადგან მის ხელთ იმდენი ბერკეტი არ არის, რამდენიც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ:

 

„ჩვენ არ ვართ ამ კომისიის შექმნის მოწინააღმდეგეები, ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ ამ კომისიას გაუჭირდება სიმართლის დადგენა. არ ვამბობთ იმას, რომ ვერ შეძლებს. გაუჭირდება იმიტომ, რომ კანონმდებლობით მას არ აქვს ისეთივე უფლებამოსილებები მინიჭებული, როგორიც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. მაგალითად, კომისიამ გადაწყვიტა რომელიმე პირის დაკითხვა, ის პირი უფლებამოსილია უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, ვერანაირად იძულებით ღონისძიებას ეს კომისია ვერ გამოიყენებს, განსხვავებით პროკურატურისგან და შს სამინისტროსგან, რომლებმაც შეიძლება აიძულონ პირი მისცეს ჩვენება. ინფორმაციის გამოთხოვის პრობლემა იქნება და ამ ინფორმაციის მოძიების გარეშე კონკრეტული დასკვნის დადება კომისიას გაუჭირდება.”

 

კოჟორიძე ამბობს, რომ საქმე პირველად საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ:

 

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ პირველ რიგში სწორედ საგამოძიებო ორგანომ გამოიძიოს. თუმცა ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც შეეცდება ამ საქმეში წვლილის შეტანას და ყველაზე მინიმუმ, რასაც ეს კომისია გააკეთებს, იქნება ის, რომ თუ ვერ განსაზღვრავს, რეალურად რა ხოხდა, იმას მაინც იტყვის, რა ხარვეზი ჰქონდათ საგამოძიებო ორგანოებს.“

 

ლოპოტის ხეობის სოფელ ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით დღეს სახალხო დამცველი ბრიფინგს გამართავს და კომისიის შემადგენლობას დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი