ახალი ამბები

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები უნდა გასაჯაროვდეს

4 ივლისი, 2016 • 1345
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები უნდა გასაჯაროვდეს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები საჯარო უნდა გახდეს. ამის შესახებ მან  ახმედ ჩატაევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

“შესაძლოა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, ან შემდეგ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რაიმე დაფარული იყო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.  წინა ხელისუფლების აგენტურული ქსელის მეშვეობით განხორციელდა რამე, თუ ახალი ხელისუფლების, საბოლოოდ საერთაშორისო არენაზე ქვეყანა აგებს ხოლმე პასუხს ასეთ თემებზე. შესაბამისად, თუ ჩვენმა რომელიმე თანამდებობის პირმა თავის დროზე ჩათვალა, რომ აქ საქმე გვქონდა რაიმე ისეთ მოვლენასთან, რომელიც შეიძლება წინა ხელისუფლების გაკეთებული იყო, მაგრამ მისი გამომზეურება საქართველოს ზიანს მიაყენებდა და ამიტომ შესაძლოა რაღაცები არ ითქვა, მე მათ ვთხოვ და მივმართავ, რომ ახლა ისე წავიდა საქმე, რომ სჯობს ყველაფერი ითქვას და სიმართლე გავიგოთ, რა ხდებოდა ამ საქმეში, ვიდრე ვიყოთ რაღაც კითხვის ნიშნების ქვეშ, განსაკუთრებით მსოფლიო პრესიდან და სხვა ქვეყნებიდან.”

უსუფაშვილის განცხადებით, შესაძლოა გამოსაძიებელი არაფერია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას:

“მე არ ვიცი, აქ შესაძლოა გამოსაძიებელი არაფერია, შესაძლოა დანაშაული არ ჩაუდენია იმ ადამიანს, უბრალოდ, მუშაობდა რაღაცა მიმართულებებით დანაშაულის გარეშე, არასწორი მიმართულებით, მე არ ვიცი.  საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ მაშინ რამე  იყო დასაფარი წინა ხელისუფლებასთან ამ ადამიანის, ან  სხვების კონტაქტიდან გამომდინარე, დღეს ისეთი განვითარება შეიძინა, რომ სჯობს სიმართლე ითქვას და მივიღოთ, თუ რაიმე მისაღებია ზარალი ამის გამო, ვიდრე ამ ეჭვების გამო, რაც დღეისთვისაა გაჩენილი.”

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აგენტურული ქსელი ყველა ქვეყანას აქვს და შესაბამისი მიზნებისთვის იყენებენ:

“თქვენ ფიქრობთ, რომ არსებობს  ქვეყანა, რომლის სპეცსამსახურებს არ ჰყავთ აგენტურული ქსელი?  ასეთი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს. სპეცსამსახურს ჰყავს  აგენტები, რომლებსაც სადღაც, რაღაცისთვის იყენებენ.  როდესაც ხელისუფლების ცვლილება ხდება, შეიძლება  ახალმა ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ ძველი ხელისუფლება აგენტებს არასწორი მიმართულებით იყენებდა. ასეთ დროს ვინ როგორ იქცევა – აგენტებს სახლში უშვებენ, თუ ვიღაცას სჯიან, მე ამდენი ნამდვილად არ ვიცი და არც მინდა რომ ვიცოდე, მაგ სფეროში ზედმეტი ცოდნა სახიფათოა”.

თურქული გამოცემის, “იენი შაფაკის” ცნობით, სტამბულის აეროპორტში თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი ჩეჩნური წარმოშობის ახმედ ჩატაევია, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

საქართველოს იუსტიციის მიისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იგი წინააღმდეგი იყო, რომ ახმედ ჩატაევი პროკურატურას პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი