ახალი ამბები

ომბუდსმენი: ჩვენთან მიმდინარე სექსუალური შევიწროების საქმეები თანამდებობის პირებს არ ეხებათ

28 მარტი, 2018 • 1192
ომბუდსმენი: ჩვენთან მიმდინარე სექსუალური შევიწროების საქმეები თანამდებობის პირებს არ ეხებათ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ომბუდსმენის საქმისწარმოებაში არსებული სექსუალური შევიწროების შემთხვევები თანამდებობის მოქმედ ან ყოფილ პირებს არ ეხებათ.

“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა რამდენიმე მომართვა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით. ვინაიდან კითხვები და ეჭვები გაჩნდა, მსურს განვმარტო რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან იგეგმება სხვა შემთხვევების განსახილველად წარმოდგენა,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ [დაზარალებულის] მამართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”.

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის ამ დასკვნის შესახებ მედიითაც გახდა ცნობილი და უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლმა კონფიდენციალურად ისაუბრა მედიასთან, უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა.

პაპუნა უგრეხელიძე ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან.

უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ თუ პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოს მიმართავს ამას მიესალმება და ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი