ახალი ამბები

დააკავეს კაცი, რომელიც ქალებს ინტიმური ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა — საგამოძიებო

22 მარტი, 2024 • 994
დააკავეს კაცი, რომელიც ქალებს ინტიმური ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა — საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 43 წლის მამაკაცი დააკავა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული გ.ქ. ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელ Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა.

განცხადებით დაინტერესებულ პირებს ბრალდებული სააგენტოს ფოტოგრაფად, ყალბი სახელით და გვარით „ნუკრი ჯიოშვილით“ ეცნობოდა და მის მფლობელობაში არსებულ ბინაში სატესტო ფოტოსესიებს უწყობდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა.

გამოძიებისვე ინფორმაციით, ბრალდებულმა Facebook-ში ქალის სახელით შექმნა ყალბი პროფილი „Qristi.n.K.Jioshvili”, რომლის საშუალებითაც 19 წლის დაზარალებულ გოგოს დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო; დაჰპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე. გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა, როგორც ფოტოგრაფი „ნუკრი ჯიოშვილი“ და შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა. 2024 წლის მარტის თვეში ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ჰქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა.

ფოტოსესიის შემდეგ ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს — არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეომასალას არ გაუგზავნიდა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტოსურათი და განაგრძო მუქარა.

დაზარალებულის მომართვის საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები. აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები. გამომძიებლებმა მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას და აცხადებს, რომ შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი