მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა, რათა უცხოელი მუსიკოსებისთვის რუსთაველზე დაკვრა აეკრძალა

მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა იმის გამო, რომ რუსთაველის მეტროსთან სამხრეთამერიკულ ეთნომუსიკას უკრავდნენ. მან ეს რუსთაველის და საქართველოს შეურაცხყოფად მიიჩნია.

ადგილზე მისულ პოლიციას მოქალაქე უმტკიცებდა, რომ მათ არ ჰქონდათ რუსთაველის გამზირზე დაკვრის უფლება და პოლიციას სთხოვდა, მათი უფლება შეეზღუდა. პოლიცია კი ცდილობდა მოქალაქის დარწმუნებას, რომ ამ ადამიანებს საჯაროდ მუსიკის დაკვრის უფლება ჰქონდათ.

ამ პერიოდის განმავლობაში ქუჩის მუსიკოსები გაჩერებული იყვნენ და არ უკრავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებელმა ნიკოლოზ ჰუმანოიდმა გაავრცელა.

“შოთა რუსთაველის ქანდაკების წინ რომ ყოფილიყო ქართული მუსიკა…  ეს პატივისცემას დაიმსახურებდა”, – ეუბნებოდა მოქალაქე პოლიციელებს.

ვიდეოში ისმის, რომ მოქალაქემ მუსიკოსები ადრეც გააფრთხილა, რუსთაველის ძეგლთან არ უნდა დაეკრათ.

“ესენი რომ ოფიციალურად აკეთებდნენ კონცერტს, ბოლობოლო მეც წავიდოდი, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც ხალხი დადის… აქ არის შოთა რუსთაველის ქანდაკება და ასეთი უმსგავსობა არ უნდა იყოს გამართული”, – ამბობს მოქალაქე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com