ახალი ამბები

“ევრო-ატლანტიკური საქართველო”: პრემიერის განცხადება გაუგებარი, რუსეთის პასუხი ცინიკურია

13 მარტი, 2018 • 1497
“ევრო-ატლანტიკური საქართველო”: პრემიერის განცხადება გაუგებარი, რუსეთის პასუხი ცინიკურია

კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურების ფონზე, პრემიერის განცხადება ბუნდოვანი და გაუგებარია, რადგან არსებულ რეალობას არ შეესაბამება. მათი თქმით, საფუძველი არ აქვს მოლოდინს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოსადმი მიდგომას შეცვლის.

“…ეს განცხადება არ გახლავთ შექმნილი მდგომარეობის ადეკვატურად ამსახველი და უფრო იმ მთავრობის განაცხადს ჰგავს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული გეგმა, გაუმკლავდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოწვევებს. პრემიერის განცხადებამ ბუნდოვანი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს კიდევ არის რეალური შანსი, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ აგრესიულ ზრახვებზე უარი თქვას,  ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს და ‘დაგვრთოს ნება’ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები”, – აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ფიქრობს, რომ კვირიკაშვილის განცხადების არაადეკვატურობა რუსეთის საგარეო უწყების პასუხმაც დაადასტურა, რომელიც “თავისი შინაარსით ცინიკური და, იმავდროულად, საფრთხის შემცველია”. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, საზოგადოებისთვის უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს რუსეთთან ურთიერთობების მომავალი. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკაშირებული ოკუპანტთან პირდაპირი დიალოგი, საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე.

” ეს[ჟენევის] ფორმატი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად ეცადოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამ ფონზე გაუმჭვირვალეა და, შესაბამისად, დროდადრო კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მიერ ინიცირებული ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თუ რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა და რა მნიშვნელოვანი შედეგები იქნა ან ვერ იქნა მიღწეული ამ აქტივობის შედეგად და რატომ? საერთაშორისო აქტორების გარეშე ამგვარი გაუმჭვირვალე დიალოგის ფორმატი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოს საქართველოს ინტერესებისათვის”.

განცხადების ბოლოს კოალიცია პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს, გვერდზე გადადონ უთანხმოებები და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად გაერთიანდნენ.

განცხადებას ხელს კოალიცია “ევრო-ატლანტიკურ საქართველოში” შემავალი შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “მედიის განვითარების ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი”, “საფარი”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)”, “საქართველოს გაეროს ასოციაცია”, “საზოგადოება და ბანკები”.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტსგანცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
  • პრემიერის განცხადება გააკრიტიკეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა პრორუსულმა პატრიოტთა ალიანსმა ის დადებითად შეაფასა.
  • ოსურმა მხარემ კვირიკაშვილის ინიციატივას  “სახალისო” უწოდა.
  • საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კი 12 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკას.
  • ამავე დღეს კვირიკაშვილის განცხადებას რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები მოიწონა და ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული მოლაპარაკების იმედი გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი