სითი პარკი: მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დააზიანებს ბიზნესურთიერთობებს ისრაელთან

კომპანია “სითი პარკი” არაკეთისლინდისიერს უწოდებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, გაწყვიტოს ხელშეკრულება, რომლითაც ქალაქში პარკირების კონტროლი ბოლო წლებია მას ევალება. გავრცელებულ განცხდებაში წერია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების უკან თანამდებობის პირების გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესები დგას.

“კომპანია სითი პარკისთვის მულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის მხარის მიერ გადადგმულ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს. ასევე მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ სითი პარკი არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა. თუმცა არცერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუხედავად წარსულში გაკეთებული მერის განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტი საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე, დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარას ხდის მერიის მიზანმიმართულ უკანონო და არასამართლებრივ გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს “სითი პარკი”.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სასამართლო პროცესების პარალელურად, მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის და აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

“კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები, და სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა. კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, და დაიცავს თავის, როგორც უცხოელი ბიზნესინვესტორის უფლებებს. სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე, ბიზნესურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის”, – აცხადებს “სითი პარკი”.  კომპანიის 100%-ის მფლობელი ისრაელში დაფუძნებული “სიტი პარკ ინთერნეიშენალია”. გარდა ამისა, “სითი პარკის” ორივე დირექტორი ისრაელის მოქალაქეა.

კომპანია მიიჩნევს, რომ კალაძის განცხადების მიზანი “პოლიტიკური ქულების” მიღებაა, რაც დააზიანებს კომპანიაში დასაქმებულთა სამუშაო პირობებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. კახა კალაძე განმარტავს, რომ “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაუქმდება. “კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს,” – აცხადებს თბილისის მერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.