მარგველაშვილი ვაშინგტონში ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანაა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან, პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან, კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი  მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში “აშშ-საქართველოს პარტნიორობა”, რომელიც ატლანტიკური საბჭოს  მხარდაჭერით იმართება. პრეზიდენტი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI-სა და IRI-ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე  ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი შეხვდება აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.

პრეზიდენტის ოფიციალურ შეხვედრებს დაესწრებიან ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.