დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვედრაზე დათანხმდა

The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მოწვევა მიიღო და ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, რათა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამის მომავალი განიხილონ.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 2018 წლის მაისში შეხვდეს, თუმცა ადგილი და ზუსტი დრო ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

“კიმ ჩენ ინი ბირთვული განიარაღების შესახებ ესაუბრა სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს. ასევე, ამ დროის განმავლობაში არ იქნება სარაკეტო ტესტირება. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ შეთანხმებას. შეხვედრის დაგეგმვა მიმდინარეობს”, – წერს ტრამპი ტვიტერზე.

თუ ეს შეხვედრა შედგება, ეს იქნება პირველი შეხვედრა ამ ორი ქვეყნის ლიდერს შორის. ამერიკის ისტორიაში ბილ კლინტონი იყო პრეზიდენტი, რომელიც 2000 წელს კიმის მამას შეხვედრაზე შეუთანხმდა, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა, რადგან 2001 წელს კლინტონს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com