საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც დაგეგმილია უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. დოკუმენტის ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჯანელიძე უკვე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. გარდა ამისა, სერბეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

გარდა ამისა, იგეგმება საქართველოსა და სერბეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის ამოქმედებაც.

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება სერბეთის მთავრობის წარმომადგენლებსაც, რა დროსაც ხელს მოაწერენ შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.