შეხვედრა საზმაუს საკითხზე მთავრობის პიართან – ფოტოსა და ინფორმაციას ოპოზიციონერი ავრცელებს

26 იანვარს შედგა შეხვედრა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე,  გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ბიგვავა და GNCC-ის თავმჯდომარე კახა ბექაური ზაზა შათირიშვილის მაუწყებლის ბორდში გაყვანაზე მსჯელობდნენ – ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” წევრი თამარ კაკაბაძე ავრცელებს.

მანვე მედიასაშუალებებს გაუგზავნა ფოტო, სადაც დასახელებული ოთხიდან სამი პირის სახე ჩანს.

შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც თამარ კაკაბაძემ ნეტგაზეთს მიაწოდა

იგი ასევე საუბრობს მათი საუბრის შინაარსზეც:
“ფოტომასალა მაქვს, სადაც, ისინი ერთად სხედან, ესეც გადავიღე მხოლოდ იმიტომ, რომ მოვისმინე მათი საუბარი, რომ მათ ზაზა შათირიშვილი უნდა “გაქაჩონ” საზოგადოებრვი მაუწყებლოს ბორდში. საუბარი იყო ხელფასზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება “ქართული ოცნების” ერთ დაჯგუფება – კალაძის ფრთა, ისინი საკუთარ თავს განიხილავდნენ, როგორც მეორე ფრთას, საუბრობდნენ, თვითონ ბორდში ვინ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგი, ვინ – მომხრე. მაღლაფერიძე პირდაპირ იძახდა, რომ შათირა არის მათი გუნდის წევრი, ბექაური ასევე ჩართული იყო ამ საუბრებში. ის უფრო განიხილავდა, ბორდის წევრებიდან ვინ შეიძლება ყოფილიყო მომხრე, შანსებზე საუბრობდა. ბიგვავა იყო ჩუმად, რასაც შევესწარი, ხოლო ნაცვლიშვილი კალაძის დაჯგუფებაზე საუბრობდა,” – განაცხადა თამარ კაკაბაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

4 მარტს გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების სია,  ჩამონათვალში ზაზა შათირიშვილიც არის. თამარ კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სწორედ ამიტომ გამოაქვეყნა 26 იანვარს გადაღებული ფოტო მხოლოდ ახლა.

“იყო ალბათობა, შათირიშვილი არ ყოფილიყო კანდიდატი და ეთიკურობის საკითხების გამო არ მინდოდა გამოქვეყნება, თუმცა, დღეს რომ ვნახე სიაში, გასაჯაროება გადავწყვიტე. გარდა ამისა, თავიდან მეც დავიბენი, რა ბორდზე იყო საუბარი, რადგან იმ დროს არ ვიცოდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ახალი ხალხი რომ უნდა აერჩიათ და არ მინდოდა დაუზუსტებელი ინფორმაციის გაჟღერება. დღეს ყველაფერი ცხადი გახდა,” – განმარტა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნულ საკითხზე საუბარი”რუსთავი 2″-თან უარყო.
“როგორ შეიძლება ვლობირებდე, თუნდაც მინდოდეს? შათირიშვილთან მე მაქვს ძალიან კარგი პოზიცია იმიტომ, რომ მგონია, ერთი გონიერი ადამიანია საქართველოში, მაგრამ კენჭს თუ იყრის და არ იყრის, ეს მისი გადასაწყვეტია,” – განაცხადა მაღლაფერიძემ.
კახა ბექაურმა კი “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ მაღლაფერიძესა და სხვა პირებს ბოლო 1-2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრ საკითხზე შეხვდა, თუმცა,უარყოფს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კანდიდატებზე ისაუბრა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელების შემდეგ ბექაურმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სიის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, ეს საკითხი უყურადღებოდ აღარ დატოვოს და კანდიდატების შესახებ მოსაზრება გაუზიაროს საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

<

ლაშა ნაცვლიშვილმა ღიად დაუჭირა მხარი შათირიშვილის კანდიდატურას.
“თქვენ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინანდელ შეხვედრაზე თუ მივუთითებთ, იმის მერეც შევხვდი რამდენჯერმე… ძალიან ხშირად ვხვდები მეგობრებს და ახლა გინდათ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ურთიერთობა დაუკავშიროთ პოლიტიკას? ყველა ადგილი, რაც კი საზოგადოებაში არსებობს, სადაც ზაზა იქნება ასარჩევი, ყველაფერს ვემხრობი და მხარს დავუჭერ,” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის შერჩევაში კანონი ამ ოთხი პირის მონაწილეობას არ ითვალისწინებს. კანონის თანახმად, პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი