ყველაზე უსაფრთხო 20 ავიაკომპანიიდან საქართველოში მხოლოდ ერთი დაფრინავს

გავლენიანმა ავიაჟურნალმა Airlines Ratings-მა 2018 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე 20 უსაფრთხო ავიაკომპანია გამოავლინა, თუმცა მათ შორის მხოლოდ ერთი ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართვლოს მიმართულებით. ეს არის გერმანული ავიაკომპანია ლუფთანზა, რომელიც თბილისი-მიუნხენი-თბილისი მიმართულებით უკვე წლებია, რეგულარულად დაფრინავს.

მსოფლიოში 2018 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ოცეული კი ასე გამოიყურება (სია შემთხვევითი რიგითობითაა შედეგნილი):

  1. Air New Zealand (ახალი ზელანდია);
  2. Alaska Airlines (ალასკა, აშშ);
  3. All Nippon Airways (იაპონია);
  4. British Airways (დიდი ბრიტანეთი);
  5. Cathay Pacific Airways (ჰონგ კონგი);
  6. Emirates (არაბეთის გაერთიანებული ემირატები);
  7. Etihad Airways (არაბეთის გაერთიანებული ემირატები);
  8. EVA Air (ტაივანი);
  9. Finnair (ფინეთი);
  10. Hawaiian Airlines (ჰავაი, აშშ);
  11. Japan Airlines (იაპონია);
  12. KLM (ნიდერლანდების სამეფო);
  13. Lufthansa (გერმანია);
  14. Qantas (ავსტრალია);
  15. Royal Jordanian Airlines (იორდანია);
  16. Scandinavian Airline System (შვედეთი);
  17. Singapore Airlines (სინგაპური);
  18. Swiss (შვეიცარია);
  19. Virgin Atlantic (დიდი ბრიტანეთი)
  20. Virgin Australia (ავსტრალია).

Airlines Ratings-ის მთავარი რედაქტორი ჯოფრი ტომასი განმარტავს, რომ ეს ავიაკომპანიები არიან ავიაინდუსტრიის გამორჩეული მოთამაშენი, მათ მოწინავ პოზიციები უკავიათ უსაფრთხოებისა და ინოვაციების, ასევე, ფრენებისას ახალი თვითმფრინავების გამოყენების კუთხით.

Airlines Ratings უსაფრთხო ავიაკომპანიების სიას სხვადასხვა ფაქტორის ანალიზის შედეგად ადგენს. კერძოდ, მხედველობაში მიღებულია როგორც ავიამაკონტროლებელი ორგანოების, ისე – პროფესიული ასოციაციების აუდიტის ანგარიშები, ინციდენტების ისტორია, რომელიც ავიაკომპანიის საქმიანობაში ჩნდება ხოლმე. როგორც წესი, ინციდენტები ავიაკომპანიების ოპერირებისას თითქმის ყოველდღიურად ხდება, თუმცა უსაფრთხოების რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია მხოლოდ ისეთი მასშტაბის ინციდენტები, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თვითმფრინავს. გარდა ამისა, რეიტინგების შედგენისას მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად და ინტენსიურად აახლებს ავიაკომპანია თვითმფრინავების ბაზას. უსაფრთხოების რეიტინგში მაღალი ქულები იმ ავიაკომპანიებსაც ენიჭებათ, რომლებიც ყიდულებენ თანამედროვე, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ თვითმფრინავებს, მაგალითად, Airbus A350-სა და Boeing 787-ს.

ის, რომ ყველაზე უსაფრთხო 20 ავიაკომპანიიდან საქართველოში რეგულარულ რეისებს მხოლოდ ერთი ასრულებს, არ ნიშნავს, რომ სხვა ავიაკომპანიებით გადაადგილება რაიმე საფრთხის შემცველია. აღნიშნული ავიაკომპანიები აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს, ეს განსაკუთრებით ეხება ევროპის მიმართულების მქონე კომპანიებს, რომლებიც ევროპულ რეგულაციებს ექვემდებარებიან.

Airlines Ratings 2013 წელს დაფუძებული ავტორიტეტული ჟურნალია, რომელიც მსოფლიოს 409 ავიაკომპანიის უსაფრთხოებასა და სერვისებს შვიდქულიანი სისტემით რეგულარულად აფასებს. ჟურნალის სარედაქციო გუნდი შედგება ავიაციის სფეროში გამოცდილი პირებისგან, რომლებსაც ათეულობით პროფესიული ჯილდო აქვთ მიღებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.