ახალი ამბები

რუსული „სუხოი სუპერჯეტი“ ავარიულად დაეშვა „შერემეტევოს“ აეროპორტში

15 თებერვალი, 2024 •
რუსული „სუხოი სუპერჯეტი“ ავარიულად დაეშვა „შერემეტევოს“ აეროპორტში

ავიაკომპანია „რასიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავო „სუხოი სუპერჯეტი“ ავარიულად დაეშვა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ავარიული დაშვება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ძრავის სენსორის გათიშვის შეტყობინება ამოქმედდა.

თვითმფრინავმა აფრენიდან დაახლოებით 95 წუთში შეძლო აეროპორტში დაშვება. როგორც წესი, ავარიულ დაშვებამდე პილოტები ცდილობენ, თვითმფრინავის საწვავის ავზები მაქსიმალურად დაცალონ, რათა აფეთქების რისკები შეამცირონ.

Sukhoi Superjet 100 შექმნილია რუსული თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Sukhoi Civil Aircraft-ის მიერ. მან პირველი რეისი 2008 წლის 19 მაისს შეასრულა. თვითმფრინავი ჩვეულებრივ იტევს 100-მდე მგზავრს.

Aviation Safety Network-ის ცნობით, რომელიც ავიაინციდენტების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და სანდო მონაცემთა ბაზაა, ამ დრომდე დაფიქსირებულია Sukhoi Superjet 100-ის 4 სერიოზული და 50-ზე მეტი უმნიშვნელო ინციდენტი.

4 სერიოზული ინციდენტიდან 2 შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა თვითმფრინავები ორივე შემთხვევაში ისე დაზიანდა, რომ მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი იყო. დანარჩენ 2 შემთხვევა კი ფატალური აღმოჩნდა.

აღნიშნული რუსული თვითმფრინავის პირველი ფატალური ინციდენტი 2012 წლის 9 მაისს ინდონეზიაში მომხდარი შემთხვევაა. Sukhoi Civil Aircraft-ის კუთვნილი ბორტი, რომელზეც 45 ადამიანი იმყოფებოდა, სხვადასხვა ტექნიკური მიზეზისა და პილოტების შეცდომის გამო მთას შეეჯახა. დაიღუპა ყველა ადამიანი.

რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილი ინდონეზიაში

Sukhoi Superjet 100-ს მეორე ტრაგიკული ინციდენტი 2019 წლის 5 მაისს შეემთხვა. ავიაკომპანია „აეროფლოტის“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 78 ადამიანი იყო, მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან მურმანსკის მიმართულებით აფრინდა. აფრენიდან რამდენიმე წუთში ელექტრონულ სისტემაში პრობლემამ იჩინა თავი, პილოტებმა ავარიული დაშვება სცადეს, რა დროსაც თვითმფრინავის საწვავის ავზი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, არაერთი კი მძიმედ დაშავდა.

„აეროფლოტის“ დამწვარი „სუხოი სუპერჯეტი“ „შერემეტიევოს“ აეროპორტში.

აღნიშნულმა ინციდენტებმა არაერთი კითხვა გააჩინა რუსული წარმოების ამ თვითმფრინავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. წუხილი რუსული ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რადგან სანქციების გამო დასავლურ ავიაკომპანიებს, რომელთა შორის არიან „ბოინგი“ და „ეარბასი“, აეკრძალათ რუსული თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილების მიწოდება. ასევე, დააყადაღეს რუსული კომპანიების მმართველობის ქვეშ არსებული დასავლური წარმოების თვითმფრინავები, რის გამოც რუსული ავიაკომპანიები იძულებულნი არიან, საერთაშორისო ფრენები ლიმიტირებულად შეასრულონ, ძირითადად, რუსული წარმოების თვითმფრინავებით.

ამიტომ, რუსული ავიაკომპანიები — „აზიმუტი“ და „რედ ვინგსი“ — საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს სწორედ Sukhoi Superjet 100-ით ასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი