ზაქარეიშვილი: ინფორმაციის გამოსატანად დაზარალებულ მხარეს ცხინვალში ადვოკატი უნდა ჰყავდეს

ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისი ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემისა და საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხებზე ნეტგაზეთთან ექსპერტმა კონფლიქტების სფეროში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ამჟამად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.

ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ დაზარალებულ მხარეს ცხინვალში, სადაც სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიმართება, თუნდაც მინიმალური ინფორმაციის გამოსატანად ადვოკატის აყვანაა საჭირო.  

“გამოძიება დაიწყება იქ, სასამართლო ჩატარდება და ადვოკატი მეტნაკლებად დაიცავს იქ დაზარალებულების ინტერესებს. ადვოკატის ყოლის შემთხვევაში, ვიღაც მაინც იხმაურებდა, ხმამაღლა ისაუბრებდა და შეატყობინებდა ყველას, რა ხდება სასამართლოზე,ან სად წაიღებენ ცხედარს ექსპერტიზაზე და ა.შ.”

კითხვაზე, დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როგორ წარმოუდგენია მას უფლებათადამცველის აყვანა ცხინვალში, ზაქარეიშვილი ამბობს:

“მეტი მოქნილობაა საჭირო. უამრავი ნაბიჯი არსებობს იმისთვის, რომ ნორმალური ადვოკატი იპოვო იქ”.

ამ კუთხით ზაქარეიშვილი პირდაპირ ორმხრივ კონტაქტებზე საუბრობს.

“მე მქონდა ასეთი კონტაქტები და ვიცი, ვისთვის შემეძლო მიმემართა მსგავს სიტუაციაში. ცხინვალში მეტნაკლებად ღირსეულ ადვოკატზე გასვლა რთული არ არის.. ცხინვალში თუ არა, ჩრდილოეთ კავკასიაში მაინც. იქაც არიან გმირი და პრინციპული ადამიანები. თუმცა ამას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ქართულ მხარეს შეიძლება ფორმალურად არ შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა უამრავი ფონდი და საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ”.

აქვე პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის საჭიროებაზეც საუბრობს.

“მთავარია, როგორც კი დაიწყება ხოლმე პროცესები, ოჯახს ადგილზევე ჰყავდეს სერიოზული დამცველები. მდგრადი უნდა იყოს ხელისუფლება პოზიციებში და შუა გზაში არ უნდა ტოვებდეს ადამიანებს.

ბაშარულის საქმეც ასეთივე იყო. ის 2014 წელს აიყვანეს, წაიყვანეს პოლიციაში და მერე გაქრა ადამიანი. დიდი ხნის შემდეგ კი მისი გახრწნილი გვამი ხეზე ვნახეთ. აშკარაა, რომ აწამეს და ამ ფორმით თავიდან მოიცილეს. და რა დღეშია დღეს ბაშარულის ოჯახი? ოჯახი მიტოვებულია. აქედან კი ის ჩანს, რომ მაშინ მხოლოდ ქულებს ვიწერდით. უნდა ჩანდეს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მხოლოდ საზღვარგარეთ სალაპარაკოდ არ უნდა გამოვიყენოთ მათი შემთხვევები,  უნდა ვზრუნავდეთ კიდეც მათზე”.

ზაქარეიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიალოგის საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

“საერთაშორისო მექანიზმები უნდა არსებობდეს, თუმცა მე ოთხოზორიას, ბაშარულის შემთხვევებში ვერ ვხედავ, რა გაკეთდა მათი აქტიურობით. რა თქმა უნდა, მათი ინფორმირება საჭიროა, თუმცა მხოლოდ მათზე დაყრნობა არ შეიძლება. პირიქით, საერთაშორისო ურთიერთობები მხოლოდ მეორე და მესამე ნაბიჯია”.

პირველ ფაქტორად ზაქარეიშვილი პირად და ორმხრივ კონტაქტებს ასახელებს.

“აშკარად ჩანს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგად მუშაობს. თუმცა ოთხოზორიას საქმე გავიხსენოთ, მანამდე -ბაშარულის. ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ ვრეაგირებთ პროცესებზე და არ ვმართავთ პროცესებს. ასეთ დროს პოსტფაქტუმ რეაგირება რთულია. უკვე მომხდარის შემდეგ ვიწყებთ ხოლმე გამოსავლის ძებნას. მუდმივად უნდა არსებობდეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები. ამას უგულებელვყოფთ. მათთან მუდმივი  კონტაქტები რომ გვქონდეს და მხარეებად ვცნობდეთ მათ, კრიტიკულ სიტუაციებში ბევრ ადამიანზე გასვლა შეიძლება იქ.

გადმოსვენების საკითხშიც კონტაქტების არსებობა კარგი იქნებოდა. მხოლოდ ერგნეთისა და ჟენევის მოლაპარაკებებით ასეთ საკითხებს ვერ მოვაგვარებთ.. ხშირად ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ აშკარაა, ხელისუფლება ადგილზე სიტუაციას ვერ ფლობს”.

რაც შეეხება კონკრეტულად ცხედრის გადმოსვენების საკითხს, ზაქარეიშვილის თქმით, მას ილუზია არც ჰქონია, რომ ცხედარს ქართულ მხარეს მალევე გადასცემდნენ.

“რატომ შეიქმნა ილუზია, რომ მალე მოხდებოდა გადმოსვენება?! ალბათ, როგორც ბაშარულის შემთხვევაში მოხდა, ახლაც იტყვიან, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ექსპერტიზის საშუალება და ცხედარს რუსეთში გაგზავნიან, სადაც მას შესაბამისად დაამუშავებენ, სავარაუდოდ. ალბათ, კვალს წაშლიან. ჩემი აზრით, ეს დროში გაიწელება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი