ახალი ამბები

ტატუნაშვილი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა — კობახიძე

22 თებერვალი, 2024 • 685
ტატუნაშვილი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა — კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან. მისი სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი, ორ თანმხლებ პირთან ერთად, სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს  და აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა თბილისს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გადმოსცა.

საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებისა და წამებისთვის დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს: დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, რომლებიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან.

2018 წლის 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულებებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი