PACE-ის მომხსენებლები დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ ტატუნაშვილზე გამოძიება ჩაატარონ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, ALDE) და ტიტუს კორლეტანმა (რუმინეთი, სოციალისტთა ჯგუფი) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.

“მოვუწოდებთ სეპარატისტულ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ხელისუფლებას, როგორც დე ფაქტო ხელისუფლებაზე კონტროლის მქონეს, ჩაატარონ სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და დასაჯონ პასუხისმგებელი პირები. დამატებით ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ და გადაეცეთ [ტატუნაშვილთან ერთად] დაკავებული პირები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე” – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და მისი საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობაზე.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას დღეს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან, თუმცა მათ პირადობის მოწმობა და ე.წ. პროპუსკი ჩამოართვეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com