ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ რუს მოხელეებს მოუწოდებს, ტატუნაშვილზე საქართველოს მთავრობას ინფორმაცია მიაწოდონ

26 თებერვალი, 2018 • 1971
აშშ რუს მოხელეებს მოუწოდებს, ტატუნაშვილზე საქართველოს მთავრობას ინფორმაცია მიაწოდონ

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აშშ მოუწოდებს რუს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დე ფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ.

“ჩვენ ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დე ფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის დაზარალებულ რეგიონში”,- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე, ჩვენ განმეორებით მოვუწოდებთ, აღსრულდეს მართლმსაჯულება 2016 წლის მაისში ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე”,- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას დღეს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან, თუმცა მათ პირადობის მოწმობა და ე.წ. პროპუსკი ჩამოართვეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი