გამგებელი: ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ პირებს პირადობა და “პროპუსკი” ჩამოართვეს

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ პირებს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს პირადობის მოწმობა და ე.წ. “პროპუსკი” ჩამოართვეს:

სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“დოკუმენტები ჩამოართვეს, რომ არ დატოვონ ოკუპირებული ახალგორი და არ გადმოვიდნენ აქეთ. ჩემი აზრით, როგორც კი არჩილ ტატუნაშვილს [ცხედარს] გადმოგვცემენ, მერე გადასცემენ საბუთებს. იქ არაფერი საგამოძიებო არ არსებობს და ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თითქოს ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ. უბრალოდ, მათ შეიტყვეს, რომ ის იყო მეომარი, სამხედრო პირი, თუმცა მას ცხინვალის ომში, 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობა არ მიუღია, მაშინ იყო ერაყში, ეს ნაწილი გამოიძახეს, ჩამოვიდა, მაგრამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია”,- განაცხადა მან “იმედთან” საუბრისას.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა განცხადება ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შესახებ. უწყებამ რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გათავისუფლებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ ცხინვალი ცხედარს ორშაბათამდე არ გადასცემს ოჯახს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, 23 თებერვალს, ღამით, დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com