ჯანელიძე: ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება.

“პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს, რადგანაც ყველას გვტკივა და განვიცდით ჩვენი ტერიტორიებისა და რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ძალიან მძიმე შედეგს,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით. გაგრძელდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მიხეილ ჯანელიძის თქმით. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ამგვარი მექანიზმების შექმნა:

“რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამასთან ერთად მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას და გავაგრძელებთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ და ვერანაირი დაბრკოლება ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის.”

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ასევე შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც არსებობს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამ პროცესში ჩართულები არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

“საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც გააერთიანებს და შეარიგებს ჩვენს საზოგადოებებს და არ მისცემს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ამ პროცესის ხელის შეშლის შესაძლებლობას,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, 23 თებერვალს, ღამით, დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.