ქართული მხარე ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ცხედრის დათვალიერებას ითხოვს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი 22 თებერვალს დღისით ლენინგორში [ახალგორი] დააკავეს  და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს, “რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რომლებიც საბრძოლო მოქმდებებში მის მონაწილეობას ადასტურებდა”.

“მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს,  მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და მას სხეულზე მრავლობითი ტრავმები ჰქონდა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი