ახალი ამბები

შიმშილობის მე-14 დღე: მოვითხოვთ ამ ყრუ პარლამენტის მუშაობის შეწყვეტას

17 სექტემბერი, 2013 • • 953
შიმშილობის მე-14 დღე: მოვითხოვთ ამ ყრუ პარლამენტის მუშაობის შეწყვეტას

ერთ-ერთი მოშიმშილე დარეჯან იობიძე აცხადებს, რომ პარლამენტარები მათ ყურადღებას არ აქცევენ:

 

„ყველას ვკიდივართ ფეხზე. ვთხოვთ ამ მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი გადასახადებით ცხოვრობენ, ხელფასებს იღებენ, მოგვხედონ და მოგვაქციონ ყურადღება იმიტომ, რომ ჩვენც ხალხი ვართ. ჩვენ მოვითხოვთ გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხს. 6 თვე შეაჩერონ გამოსახლება და თან გააკეთონ რამე. ახლა არაფერს გვეუბნებიან, არაფერი ვიცით.”

 

ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის გამო ჩივის კიდევ ერთი მოშიმშილე ირაკლი კაჩმაზოვი:

 

„მე-14 დღეა, რაც ვშიმშილობთ. დეპუტატების მხრიდან ყურადღება არ არის. ჩვენი მოთხოვნები სამი საფეხურისგან შედგება: შეწყდეს უკანონო გამოსახლება და პროცენტის დარიცხვა. ამის შემდეგ გასცენ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები და მესამე, შსს და იუსტიციის სამინისტრომ შექმნან საგამოძიებო ჯგუფი, რომლებიც გამოიკვლევენ და ნიღაბს ჩამოხსნიან მევახშეობის სქემას და აღმოჩნდებიან ისინი, სადაც საჭიროა – გისოსებს მიღმა და ხალხი ამოითქვამს სულს“.

 

მისივე თქმით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ:

 

„თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, კვირის ბოლოს შევწყვეტთ შიმშილობას, დაიწყება სახალხო მოძრაობა, ფართო მასშტაბებით, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო იქნება და მოვითხოვთ ამ ყრუ პარლამენტის მუშაობის შეწყვეტას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. გადავალთ ამ მოთხოვნაზე. წინასწარ არ ვიცით, რა და როგორ იქნება, მაგრამ ის აქცია იქნება ძალიან მძიმე ფორმის“.

მოშიმშილეების კარვები პარლამენტთან
მოშიმშილეების კარვები პარლამენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი