იანვარში საქართველოს 745-მა მოქალაქემ მიმართა გერმანიას თავშესაფრის თხოვნით

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვეებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან გაიზარდა, სექტემბერიდან იანვრის ჩათვლით მათი რიცხვი თითქმის გასამმაგდა და 745 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Welt-ს გერმანიის შსს-მ განუცხადა.

უწყების ინფორმაციით, მათ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირთან “პირველადი დისკუსიები” უკვე ჰქონდათ. მათივე თქმით, თავშესაფართა მაძიებელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა და ასე გამოიყურება ასე:

როგორც გამოცემა წერს, გერმანიისთვის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა ახალი არ არის. მაგალითად, 2012 წელს საქართველოდან 530 მოქალაქემ სთხოვა გერმანიას თავშესაფარი, ხოლო 2015 წელს  ეს რიცხვი 3200- მდე გაიზარდა. 


გერმანიის შს მინისტრის განცხადებამდე, 8 თებერვალს რადიო WDR-ის ეთერში  ნორდრაინ-ვესტფალიის  ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა, რომ  რეგიონის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს განიხილავს.

გერმანიის რეგიონის პოზიციის გაცხადებიდან მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ზომების გამკაცრებას გეგმავს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გერმანიის შს მინისტრმაც გააკეთა. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, თომას დე მეზიემ  განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

”ასე რომ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება. ჩვენ ჯერ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ ვაპირებთ, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურადაა ჩართული. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ,” – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა

ამავე თემაზე: უკანონო მიგრაცია EU-ში გაგრძელდება, თუ არ იქნება წვდომა შრომის კანონიერ სქემებზე – IOM

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან