საზოგადოება

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა — რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის

30 აგვისტო, 2023 • 2910
გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა — რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეცვლის გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების ბედს.

მანამდე გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა გერმანის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყნების მოქალაქეებს სამშობლოში დევნა არ ემუქრებათ.

„ორივე სახელმწიფოს ევროკავშირის წევრობა სურს. ორივეში, ძირითადად, ხალხს არ ემუქრება პოლიტიკური დევნა. [გერმანიაში] თავშესაფარზე განაცხადის ყოველი 10 უარიდან ერთი ამ ორ ქვეყანაზე მოდის“, – ამბობს მინისტრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

ფეზერმა აგრეთვე განაცხადა, რომ გერმანია საიმიგრაციო შეთანხმებას გააფორმებს საქართველოსთან და მოლდოვასთან, რითაც შესაძლებლობას მისცემს მსურველებს, სამუშაოდ ჩავიდნენ – „კვალიფიციურ მშრომელებს, რომლებიც ძალიან გვჭირდება“. ამასთან ერთად, ბერლინში ამბობენ, რომ ისინი, ვინც გერმანიაში უკანონოდ იმყოფება, წარმოშობის ქვეყნებმა უნდა „დაიბრუნონ“.

გერმანიას უსაფრთხო ქვეყნების სიაში ამჟამად შეყვანილი ჰყავს: განა, სენეგალი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, კოსოვო, მონტენეგრო. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შესული სახელმწიფოების მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსები ძალიან დაბალ დონეზე აქვთ.

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მიღების თაობაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს მიიღებენ.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება გერმანიაში ჯერ კიდევ 2018 წელს სურდათ, რისკენაც ბერლინს ოფიციალური თბილისიც მოუწოდებდა. მაშინ საქართველო ნუსხაში ვერ მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი