ახალი ამბები

ქართველი პატიმარი, რომელიც გერმანიის ციხიდან გაიქცა, დააკავეს

5 აგვისტო, 2019 • 1737
ქართველი პატიმარი, რომელიც გერმანიის ციხიდან გაიქცა, დააკავეს

გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე, ქართველი პატიმარი ვ.ბ. რომელიც  მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა კვლავ დააკავეს. ამის შესახებ ბავარიის პოლიცია განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ვ.ბ. რომელიც თავდაპირველად თურქ პატიმართან ერთად გაიქცა, მარტო მგზავრობისას დააკავეს. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

მემინგენის ციხიდან ორი პატიმარი, მათ შორის, ერთი ქართველი გუშინ, 4 აგვისტოს გაიქცა. გერმანული პოლიციის თანახმად, პატიმრები ციხის ეზოში სეირნობისთვის გამოყოფილ დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, ნეტგაზეთმა მომხდართან დაკავშირებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ შემთხვევის შესახებ იციან. მათივე ინფორმაციით, ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი