თომას დე მაიზერი. ფოტო: Wikimedia Commons

თომას დე მეზიერი: თუ დამრღვევთა რიცხვი მოიმატებს, საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება. თომას დე მეზიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართულ მედიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შედეგებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ მექანიზმზე კონსენსუსს მიაღწიეს.

მისი თქმით, ვიზის პროცედურების დარღვევასთან ერთად კიდევ ერთი პრობლემაა ორგანიზებული დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი:

“ახლახან  მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. მე, როგორც შს მინისტრმა, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. საბოლოოდ ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს შეჩერების მექანიზმზეც. თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ჩვენ დავიწყებთ ამ მექანიზმის ამოქმედებას. ასე რომ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება. ჩვენ ჯერ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ ვაპირებთ, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურადაა ჩართული. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ”.

ინტერვიუს თარგმანს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.



მინისტრის განცხადებამდე, 8 თებერვალს რადიო WDR-ს ეთერში ერთ-ერთი მიწის, ნორდრაინ-ვესტფალიის  ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა, რომ  რეგიონის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს განიხილავს.

wdr.de-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ბევრი დევნილი საქართველოდან არღვევს სავიზო რეჟიმს. რეგიონს კი ამ ჯგუფისგან ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები ექმნება.

wdr.de პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დევნილთა ბანაკიდან გამომდინარე, რეგიონში მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა. დევნილთა ბანაკებში კი ცხოვრობს გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი, მათ შორის, საქართველოდან.

უცნობია, რა დამოკიდებულება ექნება ქვეყნის მთავრობას რეგიონის ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით.

გერმანიის რეგიონის პოზიციის გაცხადებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ზომების გამკაცრებას გეგმავს

ევროკომისია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში უვიზო რეჟიმის კონტექსტში საქართველოსაგან შემდეგი საკითხების მოგვარებას ითხოვს:

  • საქართველომ უნდა გააგრძელოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლით მოგზაურობასთან დაკავშირებული წესების შესახებ. დაასრულოს საიმიგრაციო და რისკების შეფასების სისტემებზე მუშაობა და მიგრაციის სურვილის მიზეზები დაადგინოს
  • დაასრულოს სადაზვერვო პოლიციის რეფორმა და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა შექმნა
  • გააგრძელოს და გააძლიეროს სასაზღვრო სამართლადაცვითი სამსახური
  • მიიღოს შესწორებები კანონში, რათა ანტდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაცია ეფექტური გახდეს

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია. ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან თავშესაფრის საძიებლად სწორედ გერმანიაში მიდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან