მუსტაფა ემრე ჩაბუქი გათავისუფლეს შემდეგ, ოჯახთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ვერ ვიტყვი, რომ დაცულად ვგრძნობ თავს” – ინტერვიუ ჩაბუქთან

დღეს წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს “ნეგტგაზეთი” პატიმრობის პერიოდზე, მოლოდინებსა და იმ საფრთხეებზე გაესაუბრა, რაც თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ელის.

ელოდით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას?

დიახ, ველოდი, რომ ეს შედეგი დადგებოდა. შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაგვიანებულიც კია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს აქ ვარ.

რაიმე სახის არაფორმალური მოლაპარაკებების მცდელობას ხომ არ ჰქონია ადგილი საქართველოს ან თურქეთის ხელისუფლების მხრიდან თქვენი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში?

არა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციების, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს და ა.შ. არაფორმალური შეხვედრა არავისთან მქონია.

რას ფიქრობთ, პოლიტიკური პატიმარი იყავით?

მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, რადგან მაბრალებდნენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და მასთან კავშირს, რაც აბსურდულია. აქედან გამომდინარე, მე ვიყავი პოლიტიკური დევნის ქვეშ. თურქეთიდან გამოგზავნილ საექსტრადიციო მოთხოვნაშიც არ ჩანს, რაში გამოიხატება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.

დევნა მარტო ჩემზე არ მიმდინარეობს: თურქეთში ათასობით ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მათ არაერთი პრობლემა შეექმნათ. აქედან უკვე ჩანს, რომ მეც მათ შორის ვარ.

რა იტყვით ფეთიულაჰ გიულენზე?

შემიძლია, გითხრათ, რომ გიულენის მოსაზრებებს ვიზიარებ მისი წიგნებიდან გამომდინარე, რომელიც წაკითხული მაქვს. სხვა მხრივ, მას არც შევხვედრივარ და არც ტელეფონით მქონია რაიმე კავშირი. ზოგადად, ჩვენს [საგანმანათლებლო] საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. შესაბამისად, აშშ-ისა თუ სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის მასში ჩარევა გამორიცხულია. ეს არის ქართული საგანმანათლებლო საქმე.

ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებებიდან რომელიმე არის კავშირში მოძრაობა “ჰიზმეთთან” ან გიულენთან დაკავშირებულ რომელიმე სხვა ორგანიზაციასთან?

არანაირ ოფიციალურ  კავშირში არ არის. ამ დაწესებულების დამფუძნებლები არიან გერმანიაში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები. შეიძლება, ისინიც იზიარებდნენ გიულენის მოსაზრებებს, მაგრამ სხვა რაიმე სახის კავშირი გამორიცხულია.

ახლა თავს დაცულად გრძნობთ?

ვერ ვიტყვი, რომ დაცულად ვგრძნობ თავს. გარკვეული შიში მაინც მაქვს.

როგორ ფიქრობთ, გელით თურქეთში ექსტრადირება?

რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ ვარიანტად. მაგრამ მინდა შევინარჩუნო რწმენა საქართველოს სასამართლოს წინაშე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექსტრადიცია არ განხორციელდა, დარჩებით საქართველოში და გააგრძელებთ საქმიანობას, თუ დატოვებთ ქვეყანას?

საქართველოზე შეყვარებული ვარ და არასდროს მიფიქრია საქართველოს დატოვება. თუ მექნება იმის საშუალება, რომ დავრჩე და გავაგრძელო საქმიანობა, ჩემი ოცნებაც ეს არის. თუმცა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

საქართველოში მყოფ სხვა თურქებს რას ურჩევთ? განსაკუთრებით მათ, ვინც ფეთიულაჰ გიულენის მოსაზრებებს იზიარებს.

საქართველო ძალიან კარგ გზაზეა, ვინაიდან აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს. მინდა, მოვუწოდო აქ მყოფ თურქებსა და საქართველოს მთავრობას, შეუწყონ ერთმანეთს ხელი, განაგრძონ თავინათი საქმიანობა და მშვიდობიანად სვლა მომავლისკენ.

თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, რა საფრთხე შეიძლება დაგემუქროთ?

თურქეთში ამჟამად ათასობით ადამიანია დაკავებული, მათ შორის, მასწავლებლები. მათ არ აქვთ სასამართლოთი სარგებლობის საშუალება, მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების გაცნობას კი დაკავებიდან თვეების შემდეგ ახერხებენ. ამასთან დაკავშირებით არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, გაეროს, ევროკავშირის დასკვნები არსებობს, რომელთა მიხედვითაც თურქეთს არ გააჩნია სამართლიანი სასამართლო. ციხეების მდგომარეობაც ძალიან კრიტიკულად ფასდება: ხშირია არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ვიცი, რომ არ მექნება არც იმის საშუალება, რომ სასამართლოს დავუმტკიცო ჩემი სიმართლე და არც იმის, რომ ციხის პირობებში გადავრჩე.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საქართველოში დარჩენის სურვილი მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა, ლტოლვილთა და განსახლების საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თუ თქვენ თურქეთს გადაგცემენ, იქაურ ციხეში საფრთხე არ დაგემუქრებათ. როგორ ფიქრობთ, მას არასწორი ინფორმაცია აქვს, თუ ეს პოლიტიკური განაცხადი უფრო იყო?

ეს გარანტია სასამართლო პროცესების მიმდინარეობისასაც არაერთხელ იყო ნახსენები. ბევრ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ წარმოადგენს სახელმწიფოს, სადაც დემოკრატია სუფევს და არც არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი. მაგრამ ეს ასე არ არის. თურქეთში სულ სხვა ვითარებაა და ეს გარანტია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც დაუჯერებელია.

არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს სოზარ სუბარს, მაგრამ ჩვენ ის ვიცით, რომ ეს გარანტია არ არის დამაკმაყოფილებელი.

რას ფიქრობთ, რომ არა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და სხვათა ჩართულობა, შეიძლება, განსხვავებული შედეგი დამდგარიყო?

რომ არა რწმენა ჩემი უდანაშაულობის მიმართ, ეს ადამიანები ჩემს მიმართ მხარდაჭერას არ გამოხატავდნენ. ესენი არიან დემოკრატიული დაწესებულებები და თავიანთ საქმიანობაში თავისუფლები არიან. ვფიქრობ, საქართველოს სასამართლო თვალს ვერ დახუჭავდა მათ შრომასა და ქართული საზოგადოების მოთხოვნაზე. ვერ გეტყვით, რა იქნებოდა, რომ არა ეს მხარდაჭერა. თუმცა, დემოკრატიისთვის მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ინსტიტუტები საჭირო რომ არის, ეს ნათელია და გამოჩნდა კიდეც.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გათავისუფლეს შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გათავისუფლეს შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან