ახალი ამბები

“სასამართლოს უნდა მივანდოთ ეს საკითხი” – ჩუგოშვილი ჩაბუქის შესაძლო ექსტრადირებაზე

15 თებერვალი, 2018 • 2335
“სასამართლოს უნდა მივანდოთ ეს საკითხი” – ჩუგოშვილი ჩაბუქის შესაძლო ექსტრადირებაზე

მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში შესაძლო ექსტრადიციის საკითხი ექსკლუზიურად სასამართლოს გადასაწყვეტია.

“ვფიქრობთ, რომ სასამართლოს უნდა მივანდოთ ეს საკითხი. ასე რომ, ამ საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, და თქვენ გესმით, რა სენსიტიურობასაც ვგულისხმობ, სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ. ძალიან მალე იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ალბათ, უბრალოდ, უნდა დაველოდოთ, სასამართლო რას გადაწყვეტს ამ საქმეზე,” – განუცხადა ნეტგაზეთს თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების, კონკრეტულად კი რებეკა ჰარმსის განცხადებას, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას უნდა ველოდოთ, თუ საქართველო დაიცავს ჩაბუქს, თამარ ჩუგოშვილი ამბობს:

“ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი ადამიანის განცხადება. ჩვენ სხვა ბევრი განცხადება მოგვისმენია, ნათ შორის იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მოსაზრებებიც ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების, უფრო მეტად ევროპელი პოლიტიკოსების. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ საქართველომ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ უნდა მოახდინოს, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის სასამართლოს ექსკლუზიური უფლებამოსილება. მე დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას.”


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხის კომენტირებისას, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი