ახალი ამბები

მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი სააპელაციო სასამართლომაც უთხრა

26 იანვარი, 2018 • 2712
მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი სააპელაციო სასამართლომაც უთხრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლეების – შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა.

პირველი ინსტაციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის შესახებ. ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ამჟამად ჩაბუქი საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. იგი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ. ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მისი თურქეთში ექსტრადიცია აღარ განხორციელდება.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 26 იანვარს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომაც. ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი