სუბარი: ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქი მოხვდება ევროპულ ციხეში, სადაც არ აწამებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებს, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

სუბარის თქმით, საქართველოს პროკურატურამ კონკრეტულად მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიიღო კონკრეტული დიპლომატიური გარანტიები, რომელიც მინისტრმა ტელეიმედის ეთერში ჩამოთვალა:

  1. ის მოთავსდება საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და არ დაექვემდებარება არანაირ წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობას;
  2. არ დაექვემდებარება არაფერ ისეთს, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლს;
  3. საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალებ,ა ეს ადამიანი ნახონ და შეამოწმონ მისი მდგომარეობა.

როგორც მინისტრი ამბობს, ეს გარანტიები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ექსტრადაცია მოხდება, თუმცა ეს [დევნილის სტატუსზე უარის თქმა] არანაირად ნიშნავს, რომ ექსტრადაცია უეჭველად მოხდება: “ეს არის ერთი მხარე და ჩვენ ვენდობით, ბუნებრივია, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მეგობარ სახელმწიფოზე, რომელიც არის ნატოს წევრი. როდესაც თურქეთი იძლევა კონკრეტულ პიროვნებაზე მიმართულ ასეთ დაპირებას და დიპლომატიურ გარანტიას, ცხადია, უნდობლობის საფუძველი არ გვაქვს.”

დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, შესაბამისად, მას და მის ოჯახს 7 ივლისს სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს. სამინისტრომ გუშივნე განაცხადა, რომ თურქეთის სასამართლოსა და ციხეებში ვითარება მისაღებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.