ახალი ამბები

სააკაშვილი: მყინვარწვერი რუსეთის ოპოზიციის ლიდერთან ერთად დავლაშქრე

9 სექტემბერი, 2013 • 2375
სააკაშვილი: მყინვარწვერი რუსეთის ოპოზიციის ლიდერთან ერთად დავლაშქრე

“გზის სირთულის მიუხედავად დასახულ მიზანს მაინც მივაღწიეთ! მყინვარწვერი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ანდრეი ილარიონოვთან ერთად დავლაშქრე. მთის ბოლო მონაკვეთზე ალპინისტური თოკებითა და სხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ავედით. თოკში ასევე უკრაინისა და ირანის მოქალაქეები ჩაებნენ, რომლებიც გზაში შემოგვხვდნენ. სწორედ ამ ინტერნაციონალური ერთობით 5047 მეტრზე, სიმბოლურად, საქართველოს დროშა აღვმართეთ.

გზაში რამდენიმე უკან მობრუნდებული ჯგუფი შეგვხვდა, რომელიც ჩვენც გვირჩევდა მსვლელობის შეწყვეტას, რადგან მათ, მწვერვალთან სიახლოვეში ძლიერი ქარის გამო, ასვლა შეუძლებლად მიაჩნდათ, მაგრამ მეორედაც უკან მობრუნება ჩვენ ნამდვილად არ გვხიბლავდა. იქ, მყინვარის თავზე განსაკუთრებული სიმძაფრით ხვდები, თუ რა ლამაზი და განსაკუთრებულია ჩვენი საქართველო.

მჯერა, რომ არ არსებობს მიზანი, რომელსაც ერთობით ვერ მივაღწევთ! საქართველოს მომავალი მყინვარწვერივით ნათელია! დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ ყველა მწვერვალს დავიპყრობთ!

დიდი მადლობა ორ უმაგრეს კაცს – მთის გამყოლთა ასოციაციის ხელმძღვანელს, გია აფაქიძესა და ლაშქრობის ვიდეო და ფოტომასალის გადამღებს, პროფესიონალ ტელეოპერატორსა და მთასვლელს, ნიკა ლებანიძეს, მაღალი პროფესიონალიზმისა და თანადგომისათვის”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის facebook გვერდზე.

“მყინვარის დალაშქვრას ჩვენ ვუძღვნით ვარდების რევოლუციის 10 წლისთავს და 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპული, უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას. ეს მსვლელობა, ასევე, ეძღვნება რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობას”, – აღნიშნულია გვერდზე, სადაც ლაშქრობის ამსახველი ფოტო  და ვიდეო მასალაც გამოქვეყნდა

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სამდღიანი მოგზაურობის განმავლობაში მყინვარის გარშემო არსებული მთები და პლატო დალაშქრა, ხოლო მყინვარზე ასვლაში ხელი ქარიშხალმა შეუშალა. ქარიშხალმა მოლაშქრეებს 4500 მეტრზე მოუსწრო და ლაშქრობა შეაფერხა, თუმცა ქარიშხლის ჩადგომის შემდეგ ლაშქრობა გაგრძელდა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი