ახალი ამბები

ინგლისის ნაკრები შერკინებაში ბორჯღალოსნებთან ერთად ივარჯიშებს

12 თებერვალი, 2018 • 2727
ინგლისის ნაკრები შერკინებაში ბორჯღალოსნებთან ერთად ივარჯიშებს

13-14 თებერვალს ინგლისის ნაკრების წინახაზელები ქართველ მორაგბეებთან ერთად შერკინებაში ივარჯიშებენ. ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ედი ჯონსს სურს, რომ მისმა მოთამაშეებმა მსოფლიოს საუკეთესო მორკინალებთან მოსინჯონ ძალები. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის რაგბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქართველ მორკინალებთან ერთად შერკინებაში ვარჯიშის სურვილი იანვარში გამოთქვა. ედი ჯონსის განცხადებით, ლათიმერის ზედა სკოლაში ვარჯიში ქართველი მორაგბეებისთვისაც ღირებული იქნება.

ედი ჯონსი, ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ფოტო: EPA-EFE/ANGELO CARCONI

“გვსურს, მსოფლიოში საუკეთესო მორკინალები გვყავდეს. საქართველოს ყველაზე დიდი, საშინელი და ძლიერი მორკინალები ჰყავს მსოფლიოში. ამიტომ ეს ვარჯიშები ფანტასტიური იქნება. ჩვენ გვინდა ექვსი ერის მოგება, მაგრამ ეს ვარჯიშები ასევე გამოგვადგება მსოფლიო თასზეც. ასე რომ, ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის, გავაუმჯობესოთ შერკინების ხარისხი. ეს იქნება პრაქტიკა, მაგრამ იგივე რაოდენობის შერკინება მოგვიწევს თამაშშიც,” – ამბობს ედი ჯონსი.

საქართველოს რაგბის ნაკრები სრული შემადგენლობით უკვე ინგლისში იმყოფება. როგორც რაგბის კავშირში ნეტგაზეთს განუცხადეს, ორდღიანი ვარჯიშების შემდეგ ბორჯღალოსნები გერმანიაში გაემგზავრებიან და მორიგ შეხვედრას გამართავენ.

10 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები 47-0 დაამარცხა. მეტოქისთვის შვიდი უპასუხო ლელოს გატანისთვის საქართველომ ბონუს ქულაც აიღო და 5 ქულა დააგროვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი