ახალი ამბებისამართალი

“აცილებების სპექტაკლი” – იუსტიციის საბჭომ მოსამართლეებთან გასაუბრება დაასრულა

8 თებერვალი, 2018 • 2253
“აცილებების სპექტაკლი” –  იუსტიციის საბჭომ მოსამართლეებთან გასაუბრება დაასრულა

დღეს, 8 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა გასაუბრება თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის მსურველ 51 მოსამართლესთან. აქედან, ჯამში, 14-მა მათგანმა მოითხოვა საბჭოს წევრის, ანა დოლიძის აცილება, რაც საბჭოს უმრავლესობამ დააკმაყოფილა.

საბჭოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების პარალელურად, გრძელდება დაპირისპირება და ბრალდებები საბჭოს მოსამართლე წევრებსა და პრეზიდენტის მიერ ახლად დანიშნულ წევრს, ანა დოლიძეს შორის.

ანა დოლიძემ მოსამარღლეების მოთხოვნას აცილებების შესახებ და საბჭოს უმრავლესობის მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას “აცილებების სპექტაკლი” უწოდა.

“ეს არის ჩვეულებროვი კონსპირაცია და სადამსჯელო ღონისძიება საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ჩემ მიმართ, ვინაიდან მე გავაკეთე მათთვის ცოტა უფრო ზედმეტად გამბედავი განცხადებები იმის მიმართ, რომ სისტემა ავად არის და კონტროლდება ძველი მეთოდებითა და ძველი ბერკეტებით,”- განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც დაადასტურებს, თუ რატომ არ უნდა უნდოდეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ანა დოლიძის გასაუბრებაში მონაწილეობა.

საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს კი ანა დოლიძის კირიტიკამ ანდაზა გაახსენა:

“ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო… არ ვიცი, თვითონ არის ამ მმართველობის სისტემას მიჩვეული თუ ასე წარმოუდგენია, ზოგადად, მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, არ ვიცი, მე ვერ გეტყვით. მიიჩნევს, რომ ვიღაც დონი მართავს ამ პროცესებს. მაშინ შევახსენებ, ეს ცოტა ურთიერთგამომრიცხავია, ფაქტებს თუ შევაფასებთ, იქ არა ერთი სისხლის და ადმინისტრაციულის მოსამართლე გამოვიდა გასაუბრებაზე, რომელმაც მისი აცილება არ დააყენა,”- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მწვავე დაპირისპირება ანა დოლიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამარლე წევრებს შორის დაიწყო 6 თებერვლის შემდეგ, როდესაც ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს “ადეიშვილის ნარჩენები” აკონტროლებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი