ახალი ამბები

“ადეიშვილის ხელის ბიჭები” – ბრალდებები და დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

6 თებერვალი, 2018 • 2039
“ადეიშვილის ხელის ბიჭები” – ბრალდებები და დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანა დოლიძესა და ამავე საბჭოს მოსამართლე წევრებს შორის დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

დაპირისპირება გამოიწვია საბჭოს ახლად დანიშნული წევრის, ანა დოლიძის მიერ ჟურნალისტებთან საუბრისას გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ სასამართლოს აკონტროლებენ ყოფილი გენპროკურორის, “ადეიშვილის ნარჩენები”.

“რჩება მცდელობა, რომ სასამართლო გააკონტროლოს ადეიშვილის მიერ გამოზრდილმა კადრებმა… თუ ჩვენ ადრე ვეკამათებოდთ გენერლურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც სასამართლოში ყველაფერს აკონტროლებდა, დღეს მის ხელის ბიჭებთან გვიწევს დაპირისპირება,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

ამ განცხადების გამო, ანა დოლიძის თქმით, უვადოდ დასანიშნი მოსამართლის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი გოგინაშვილმა გასაუბრებიდან ანა დოლიძის აცილება მოითხოვა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ დააკმაყოფილა.

“ადეიშვილის ნარჩენებზე” განცხადების გაკეთების გამო ანა დოლიძე საბჭოს მოსამართლე წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს და პრეზიდენტის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.

“იგი არის შემოსული კონკრეტული დღის წესრიგით, შიგნიდან, ასე ვთქვათ, ააფეთქოს საბჭოს საქმიანობა, ამას ჩვენ, მოსამართლე წევრები, არ დავუშვებთ. რაც უკვე ცხადია, ეს არის, ვინც მოავლინა ალბათ და ვინც დანიშნა, ალბათ მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. პრეზიდენტმა მოავლინა… მახსოვს პრეზიდენტის ადრინდელი განცხადებები, როდესაც სულ აცხადებს, რომ იბრძვის თავისუფალი სასამართლოსთვის. ვის ებრძვის, ალბათ გვგულისხმობს ისევ ჩვენ, არსებულ მოსამართლეებს, საბჭოს არსებულ წევრებს,” – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანა დოლიძის განცხადებას უპასუხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. გიორგი მიქაუტაძემ და დოლიძე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში და მისი კოლეგების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტის დანიშნული წევრი არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ყველანაირად ცდილობს, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადებებით შეურაცხყოს თავისი კოლეგები,” – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი