გიორგი შარვაშიძე #115-ის პროტესტზე: არავითარი დისკრიმინაცია არ ყოფილა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე აუდიტორია 115-ის პროტესტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ სტუდენტების არშეშვების მიზეზი დისკრიმინაცია არ ყოფილა.

დღეს, 8 თებერვალს, თსუ-ის სიუბილეო ღონისძიებაზე შესვლა სცადეს აუდიტორია 115-ის წევრებმა, თუმცა ისინი არ შეუშვეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა – გიორგი სოფრომაძე რექტორის გამოსვლს დროს დარბაზში შევიდა და ხმამალა გააპროტესტა მათი არდაშვება.

რექტორი გიორგი შარვაშიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ როგორც სტუდენტების, ასევე პროფესურისთვის არაერთი საჯარო ღონისძიება გაიმართება.

“სტუდენტების ნაწილი, რომელთაც დასწრება უნდოდათ, გვესწრებოდნენ. სხვათა შორის, მათ წარმომადგენლები არიან სენატში, ჰქონდათ სრული უფლება, რომ მათი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. რომელიღაც ნაწილი სტუდენტების ვერ მოხვდა ამ დარბაზში იმიტომ, რომ დარბაზი დაკავებული იყო მოწვეული სტუმრების მიერ. ამდენად, აქ არავითარი დისკრიმინაცია არ არის, გუშინ იყო ღია კონცერტი, ასევე ღია იყო ყველა სტუდენტისთვის, ხვალ არის კონფერენცია, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია შემოვიდეს  და დაესწროს, რომელიც 21-ე  საუკუნის უმაღლეს განათლებაში გამოწვევებს მიეძღვნება. ხვალვე ჩატარდება დისკოთეკა, რომელზეც მოწვეული არიან თბილისის სსაახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენი მუშაობის ცენტრში სტუდენტები არიან,”- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ნეტგაზეთმა გიორგი შარვაშიძეს უთხრა, რომ უნივერსიეტის თანამშრომლების ნაწილმა, ვინც დღეს უნივერსიტეტში მოვიდა, ასევე ვერ მოახერხა საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრება. ამაზე შარვაშიძემ გვიპასუხა, რომ ღონისძიებები დაგეგმილია პროფესურისთვისაც.

“უამრავი ფორმატი არის, სადაც თანამშრომლები ღიად არიან მოწვეული. დღეს არის ცერემონიალური შეხვედრა, სადაც არის პროტოკოლი – მოდის ხალხი, გილოცავს, რექტორები, პრორექტორები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. რაც შეეხება პროფესურას, პროფესურა დაესწრება ბევრ ღონისძიებას, არაერთს  და არა ორს, არამედ – ბევრს,”- განაცხადა შარვაშიძემ.

უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებას მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ-ს 100 წლისთავისასდმი მიძღვნილი ღონისძიება

საიუბილეო ღონისძიების დასრულების შემდეგ გიორგი შარვაშიძე სასაუბროდ მივიდა აუდიტორია 115-ის წევრებთან. გიორგი არობლიძემ მას “სამარცხვინო რექტორი” უწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი