აუდიტორია 115: ელიტარულმა კლასმა მოსპო ის თანასწორობის იდეა, რომელსაც თსუ დაეფუძნა

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” მიიჩნევს, რომ  უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეზე ქვეყნის ელიტარულმა კლასმა მოსპო  თანასწორობის იდეა, რომელსაც თავის დროზე უნივერსიტეტი დაეფუძნა.

“უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება ჩაივლის სტუდენტების, ლექტორების, ადმინისტრაციის წევრების, კურსამთავრებულების, იმ ადამიანების ძირითადი ნაწილის გარეშე, ვისთვისაც უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ, სავსე იქნება მთავრობის და პარლამენტის წევრებით, მერით, სხვა მაღალჩინოსნებით და მათი დაცვის წევრებით. ირონიულია, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის დახურულ ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებთან ადგილობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ჯავახიშვილის დანატოვარ ღირებულებებზე – თავისუფლებასა და თანასწორობის საუნივერსიტეტო იდეალებზე – და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია მათი პირნათლად შესრულება”, – აცხადებს სტუდენტური მოძრაობა.

“აუდიტორია 115” აცხადებს, რომ მათ ეს ყველაფერი აგონებთ საააშვილის მთავრობის პრაქტიკის გაგრძელებას, სადაც რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილ თვითმმართველობის ჯგუფებს დაატარებდნენ შეხვედრებზე, რათა არ მოესმინათ კრიტიკული აზრი:

“ეს ყველაფერი, დაახლოებით იმ შენობების რესტავრირებული გარე ფასადის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ჰგავს, რომლის უკანა მხარე დანგრეული რჩებოდა. ჩვენ ყველა ამ დანგრეულ ნაწილში ვართ, ჩვენი სისტემით, ყოველდღიურობით, ლექციებით, მაღლივით, სტუდენტური საცხოვრებლით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებით, ადამიანებით, რომლებსაც სწავლის გადასახადის დასაფარად ხშირად დღე-ღამის გასწორება უწევთ. დანგრეულ ნაწილში ვართ არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ ქვეყნისაც – დაღუპული მუშებით, ბანკის ვალებით, არსებული ნარკოპოლიტიკით, ჩაგვრით, უთანასწორობით, შიმშილით, სიღარიბით.”

უნინვერსიტეტის განმარტება

უნივერსიტეტის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ადგილების სიმცირის გამო ყველა სტუდენტისა და პროფესორის მოწვევა ვერ მოხერხდა. ამიტომ ღონისძიებაზე დასასწრებად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეირჩნენ.

ჩვენ რაღაც კრიტერიუმი უნდა შეგვემუშავებინა. ძალიან რთული იყო ამ კრიტერიუმი შერჩევა. ერთადერთი, რაც შევძელით, იყო მაღალი რეიტინგი,” – აცხადებენ თსუ-ის პრესსამსახურში.

რაც შეეხება მცხეთაში გამართულ მიღებას, რომელიც ასევე იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა, უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იყო უცხოული სტუმრებისთვის გამართული ღონისძიება, რომელსაც ის პროფესორები ესწრებოდნენ,  ვინც ამ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობდნენ.

8 თებერვალს თსუ-ის გახსნიდან 100 წელი სრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.