ახალი ამბები

ვინ (ვერ) დაესწრება თსუ-ის სააქტო დარბაზსა და ოპერაში გამართულ ღონისძიებებს

7 თებერვალი, 2018 • 5315
ვინ (ვერ) დაესწრება თსუ-ის სააქტო დარბაზსა და ოპერაში გამართულ ღონისძიებებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 თებერვალს, თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზსა და ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. უნივერსიტეტის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ადგილების სიმცირის გამო ყველა სტუდენტისა და პროფესორის მოწვევა ვერ მოხერხდა. ამიტომ ღონისძიებაზე დასასწრებად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეირჩნენ.

“თსუ-ს 22 ათასამდე სტუდენტი ჰყავს და ჩვენი დარბაზი მხოლოდ 700 სტუმარს იტევს. საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლობა საკმაოდ ფართო იქნება. აქ, ასევე, მოწვეული უნდა ყოფილიყო აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ამიტომ ჩვენ რაღაც კრიტერიუმი უნდა შეგვემუშავებინა. ძალიან რთული იყო ამ კრიტერიუმი შერჩევა. ერთადერთი, რაც შევძელით, იყო მაღალი რეიტინგი,” – აცხადებენ თსუ-ის პრესსამსახურში.

უნივერსიტეტის პრესსამსახურში ასევე განმარტავენ, რომ ღონისძიებებზე მოხვდებიან ის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობენ. მათი ინფორმაციით, ფაკულტეტებს მიმართეს თხოვნით, ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტები თავად შეერჩიათ.

“მათ სხვადასხვა რაოდენობა მოგვაწოდეს. საერთო ჯამში, დაახლოებით, 300-მდე სტუდენტია მოწვეული გალა კონცერტზე. ჯერ თსუ-ში არის საზეიმო ღონისძიება და შემდეგ, ოპერის თეატრში გალა კონცერტი,”-ამბობენ პრესსამსახურში.

შერჩეულ სტუდენტთა ნაწილი პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გამართულ ღონისძიებას დაესწრება, მეორე ნაწილი კი – ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა კონცერტს. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ორივე ღონისძიებაზე მხოლოდ ის სტუდენტები მოხვდებიან, რომლებიც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობდნენ და სურვილი გამოთქვეს, ყოფილიყვნენ უცხოურ დელეგაციების თანხმლები პირები და ჩართულიყვნენ საორგანიზაციო საქმიანობაში.

რაც შეეხება პროფესორებსა და ადმინისტრაციის წევრებს, თსუ-ის ცნობით, ღონისძიებაზე, ძირითადად, მოხვდნენ მრჩეველთა საბჭოს, აკადემიურ საბჭოსა და სენატის წევრები, ასევე, ფაკულტეტების მიერ შერჩეული პროფესორები. ღონისძიებაზე ადმინისტრაციის წევრთა მხოლოდ ნაწილია მიწვეული.

უნივერისტეტში განმარტავენ, რომ დღეს იყო “თსუ ART-ის” კონცერტი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც ყველა მსურველს შეეძლო დასწრება.

რაც შეეხება მცხეთაში გამართულ მიღებას, რომელიც ასევე იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა, უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს უცხოული სტუმრებისთვის გამართული ღონისძიება იყო, რომელსაც ის პროფესორები ესწრებოდნენ, ვინც ამ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობდნენ.

8 თებერვალს თსუ-ის გახსნიდან 100 წელის სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი