Falcon Heavy-ს გაშვება კოსმოსში. ფოტო: EPA/CRISTOBAL HERRERA

Falcon Heavy – რას წარმოადგენს რაკეტა და რატომ გადავიდა კოსმოსური ინდუსტრია ახალ ფაზაში

გუშინ, 6 თებერვალს, ათასობით ადამიანი ადგილზე, მილიონობით კი – პირდაპირ ეთერში კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას ადევნებდა თვალს. SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon Heavy ფლორიდაში მდებარე ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ადგილობრივი დროით 15:45-ზე აფრინდა. მიუხედავად რისკებისა, რომელთა შესახებაც კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი საუბრობდა, ექსპლუატაციაში მყოფმა მსოფლიოს უმძლავრესმა რაკეტამ დედამიწა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დატოვა.

ილონ მასკის მორიგ წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი Falcon Heavy-ს წარმატებული გაშვება და არსებითად რას შეცვლის ის? “ნეტგაზეთი” გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას თავად რაკეტის, მისი გაშვების პროცესისა და სამომავლო მოლოდინების შესახებ.

Falcon Heavy – რას წარმოადგენს და რით აღემატება წინამორბედებს

Falcon Heavy კომპანია SpaceX-ის უახლესი კოსმოსური რაკეტაა, რომელიც ექსპლუატაციაში მყოფთაგან უმძლავრესია. ის წინამორბედ Falcon 9-ის მოდელზეა დაფუძნებული, თუმცა კონფიგურაციით სრულიად ახალია, რაც დამატებით რისკებსაც შეიცავდა. რაკეტა 27 ძრავისაგან შედგება, რომლებიც აფრენის დროს ერთდროულად უნდა ამოქმედდეს, რათა ფრენა განხორციელდეს. კიდევ ერთი სიახლე სამი გაქანების ბლოკია, რომლებიც რაკეტას თან ახლავს, თუმცა ფრენის პროცესში სამივე მათგანი უნდა გამოეყოს ძირითად “სხეულს” და მიწაზე დაბრუნდეს. მსგავსი პრეცედენტი Space X-ის რაკეტების წარმოების ისტორიაში არ ყოფილა.

მისი ურთულესი აგებულებისგან განსხვავებით, გაცილებით მარტივია Falcon Heavy-ის უპირატესობის აღქმა სხვა რაკეტებთან შედარებით: სიმძლავრიდან გამომდინარე, მას განსაკუთრებით მძიმე ტვირთის(63 ტონა), მათ შორის, ადამიანების გადაყვანაც შეუძლია მარსსა და მთვარეზე. სწორედ ესაა რაკეტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როგორც ეს Space X-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა მოცემული.

მთლიანობაში, რაკეტა $90 მილიონი დაჯდა, 45%-ით ძვირი, ვიდრე Falcon 9, რომელსაც კომპანია აქამდე განხორციელებული მისიების დროს იყენებდა. როგორც CNN აღნიშნავს, Falcon Heavy ერთად შეკრულ სამ Falcon 9-ს უდრის, სიმძლავრით კი სამჯერ აღემატება მას.

ისტორიული გაფრენა

Falcon Heavy კოსმოსისკენ აშშ-ის დროით 03:45-ზე გაემართა და, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ისტორია შექმნა. გაფრენა წარმატებული აღმოჩნდა. მოხდა მხოლოდ ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაკეტაზე მიმაგრებული სამი გაქანების ბლოკი მიწაზე უნდა დაბრუნებულიყო; აქედან ორი კვლავ კენედის კოსმოსურ ცენტრში, ერთი კი- მოშორებით, ზღვაში განთავსებულ პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი მიწას არ დაბრუნებია, თუმცა მისია ამით არ შეფერხებულა.

იმისათვის, რომ ახალი პროდუქტის შესაძლებლობები დაემტკიცებინა, ილონ მასკმა რაკეტას კოსმოსში გააყოლა საკუთარ კოლექციაში არსებული $100 000-იანი ტესლას ავტომობილი და მასში განთავსებული მანეკენი. მანქანა, რომელშიც დევიდ ბოუის ჰიტი “Life on Mars” ჟღერს, ღია სივრცეში იმოძრავებს. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ ხსნიდა საკუთარ გადაწყვეტილებას, მასკმა ასე უპასუხა:

“სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ მანქანა კოსმოსში უსასრულოდ იმოძრავებს, მომავალში, მილიონობით წლის შემდეგ კი, უცხოპლანეტელი იპოვის მას”.

გაფრენის მომენტს კოსმოსურ ცენტრთან შეკრებილი ათასობით ადამიანი ოვაციებითა და სიხარულის შეძახილებით შეხვდა. ადგილზე მყოფთა ემოციების მოსმენა, ისევე როგორც ისტორიული გაფრენის ხილვა, პირდაპირ ეთერშიც იყო შესაძლებელი – SpaceX-ის ფეისბუქ ტრანსლაციას რამდენიმე მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

“ჯერ კიდევ ვცდილობ, გავიაზრო ის, რაც მოხდა, რადგან ჯერ კიდევ სიურეალურ სამყაროში მგონია თავი”, – განუცხადა მასკმა მედიას რაკეტის გაფრენის შემდეგ. წარმატებამდე მისი გათვლები მთლად ოპტიმისტური არ ყოფილა. Space X-ის დამფუძნებელი მუდმივად საუბრობდა იმ რისკების შესახებ, რაც ექსპერიმენტს ახლდა თან.

ამჟამად რა მისია აკისრია რაკეტას?

ახლა, როცა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შესრულდა და ახალმა რაკეტამ დედამიწა წარმატებით დატოვა, მისიის მეორე ნაწილის შესრულება იწყება. რაკეტის საბოლოო დანიშნულების ადგილი მარსის ორბიტაა. მანამდე, Falcon Heavy-მ სატელიტები და სხვა სახის ტვირთი ორბიტაზე უნდა გაგზავნოს, ცნობილია სამი სატელიტის “ვინაობა”: საუდის არაბეთის Arabsat, დიდი ბრიტანეთის Inmarsat და აშშ-ის Viasat. CNN რაკეტის გაშვებამდე იუწყებოდა, რომ ამერიკული მხარე რაკეტის გამოყენებას აპირებდა ორბიტაზე ამინდის პროგნოზის სატელიტების განსათავსებლადაც .

SpaceX 2017 წლის პირველ ნახევარში აცხადებდა, რომ ორმა ტურისტმა შესაბამისი საფასური გადაიხადა, რათა ახალი რაკეტით მთვარის გარშემო ემოგზაურათ. კომპანია აცხადებდა, რომ ტური 2018  წელს შედგებოდა, თუმცა ბოლო დროს აღნიშნულთან დაკავშირებით სიახლე არ გაცხადებულა.

რაკეტის სრულყოფის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. მწარმოებელი კომპანია 2011 წელს აცხადებდა, რომ პროდუქტი 2013 წელს იქნებოდა მზად. შემდგომ ვადა 2017 წლის ნოემბრამდე, მერე კი დეკემბრამდე გახანგრძლივდა. 2018 წლის 6 თებერვალს Falcon Heavy-მ დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაამართლა მასზე დამყარებული იმედები და ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან