ახალი ამბები

თურქეთი მთვარეზე მისიას 2023 წელს გააგზავნის – ერდოღანი

10 თებერვალი, 2021 • 888
თურქეთი მთვარეზე მისიას 2023 წელს გააგზავნის – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 10-წლიანი კოსმოსური პროგრამა წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ ამბიციურ გეგმებსაც, როგორიცაა თურქი ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა. ინფორმაციას ავრცელებს გერმანული Deutsche Welle .

“მთვარეზე პირველი დაშვება ჩვენ მიერ შექმნილი ჰიბრიდული რაკეტით მოხდება, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გაეშვება. უფლის წყალობით, ჩვენ მთვარეზე მივდივართ”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

მთვარეზე თურქი ასტრონავტების გაგზავნა ემთხვევა თურქული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გეგმავს კოსმოსური სადგურისა და გლობალური კომერციული ბრენდის შექმნას თანამგზავრების ინდუსტრიაში.

ვფიქრობთ, ეს გეგმა, რომელიც თურქეთს ჩართავს გლობალური კოსმოსური რბოლის უმაღლეს ლიგაში, იქნება წარმატებული”, – აცხადებს ერდოღანი.

ერდოღანს არ გაუსაჯაროებია პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა.


მიუხედავად ოპოზიციური პარტიების ნაწილის კრიტიკისა, თურქეთმა კოსმოსური სააგენტო 2018 წელს შექმნა. იდეის მოწინააღმდეგეები გაუმართლებლად მიიჩნევენ თურქეთის კოსმოსურ პროგრამას დიდი ფინანსური დანახარჯების გამო. ასევე აცხადებენ, რომ ხედავენ კორუფციულ რისკებს. მეორე მხრივ, პროექტის მომხრეები პროგრამას ქვეყნიდან “ტვინების გადინების” შესაჩერებელ ერთ-ერთ მექანიზმად მიიჩნევენ.

გასულ კვირას ერდოღანი თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობის საკითხზე ელონ მასკს ესაუბრა, ხოლო მოგვიანებით თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან კოსმოსში გაუშვა Turksat 5A-ს თანამგზავრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი