ახალი ამბები

კონტროლდაკარგული რაკეტის ნაწილი შესაძლოა დედამიწაზე ჩამოვარდეს

5 მაისი, 2021 • 2719
კონტროლდაკარგული რაკეტის ნაწილი შესაძლოა დედამიწაზე ჩამოვარდეს

პენტაგონის განცხადებით, თვალს ადევნებენ რაკეტის ნაწილს, რომელმაც კონტროლი დაკარგა და სავარაუდოდ კვირის ბოლოს დედამიწის ატმოსფეროში შემოვა. საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა.

როგორც CNN წერს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოსმოსური რაკეტის ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში 8-10 მაისს შემოვა, თუმცა ზუსტი ლოკაციის დადგენა, თუ სად ჩამოვარდება რაკეტა,  წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ობიექტების უმეტესობა იწვის, 22- ტონიანი რაკეტის ნამსხვრევებმა შესაძლოა ზიანი გამოიწვიოს, თუ ის დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდება.

თუმცა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ცენტრის წარმომადგენლის ჯონათან მაკდაუელის თქმით, რისკი იმისა, რომ ჩამოვარდნილი რაკეტა რაიმეს დააზიანებს, ძალიან მცირეა.

მეცნირების თქმით, სავარაუდოდ, ობიექტი დედამიწის ზედაპირს 8-10 მაისის შუალედში შეეჯახება, თუმცა ამ ორი დღის განმავლობაში 30-ჯერ შემოუვლის პლანეტას, რის გამოც რთულია პროგნოზირება, თუ სად ჩამოვარდება. შესაბამისად, შეჯახების ზუსტი წერტილის დადგენა მხოლოდ რაკეტის დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დიდი ალბათობით, ობიექტი ოკეანეში ჩამოვარდება, რადგანაც დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი სწორედ ოკეანეს უკავია.

“თუ გინდათ სანაძლეო დადოთ, სად ჩამოვარდება რაკეტის ნაწილი, წყნარი ოკეანე ივარაუდეთ, რადგანაც მას დედამიწაზე ყველაზე დიდი ფართობი უკავია” ,- ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი