ტროპიკული ტყის ქვეშ უძველესი ცივილიზაციის 10-მილიონიანი დასახლება აღმოაჩინეს

გვატემალაში, ტროპიკული ტყის ქვეშ დაფარული დასახლებების ჯაჭვი აღმოაჩინეს, სადაც მეცნიერების ვარაუდით, 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. მის აღმოსაჩენად ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს.

New York Times–ის ცნობით, ტურისტებისთვის საყოველთაოდ ცნობილი უძველესი ქალაქის, ტიკალის პირამიდებიდან არცთუ ისე შორს ნამოსახლარები იპოვეს, რომლის ერთმანეთთან კავშირმა და სიმჭიდროვემ ყველაზე გამოცდილი არქეოლოგებიც კი გააკვირვა.

მეცნიერებმა 2 100 მ2 ფართობის ტერიტორია შეისწავლეს, რომელიც მაიის ტომებმა ინტენსიურად დაიკავეს. მაიის კულტურა ძველი წელთაღრიცხვის 1 000 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 900 წლამდე პერიოდში გაძლიერდა. მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ამ რეგიონში.

ლაზერული ტექნოლოგიით აღმოჩენილი ნამოსახლარები გვატემალაში. credit: Photograph: Canuto and Auld-Thomas/AP

ალბერტ–იუ–მინ  ლინი ამბობს, რომ ლაზერული შესწავლა კვლევის პირველი ეტაპია, მეცნიერებს კი კიდევ მოუწევთ ტროპიკულ ტყეებში მუშაობა, რათა მიღებული მონაცემები კიდევ დააზუსტონ.

The Guardian–ის ცნობით, აღმოჩენამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ამ რეგიონში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ლაზერულმა აპარატმა აღმოაჩინა აქამდე უცნობი ათასობით სახლი, შენობები, თავდაცვითი ნაგებობები, პირამიდები, რომელთაც გვატემალის ტროპიკული ტყეები ფარავს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნაგებობების გარდა, მიაკვლიეს ინდუსტრიული მასშტაბის სამეურნეო მიწებს, სარწყავ არხებს, რომლებიც სახელმწიფო ადმინისტრირების შედეგადაა გაყვანილი

მაიის იმპერიის მნიშვნელოვანი ქალაქი ტიკალი,. გვატემალა. 20.02.2011 credit: EPA/SANDRA SEBASTIAN

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი მასშტაბის სამეურნეო მიწები დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად იქნებოდა საჭირო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ აქ დასახლებულ ადამიანებს გამოსადეგი მიწის 95% ჰქონდათ დამუშავებული.

“მათი სოფლის მეურნეობა უფრო ინტენსიური და მდგრადი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ისინი მიწის თითო გოჯს ამუშავებდნენ”, – ამბობს ფრანცისკო–ესტრადა ბელი, ტულანის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი ამბობს, რომ მაიელებმა დააშრეს ჭაობიანი ადგილები, რომლებიც მანამდე გამოუყენებელი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ სხვა კულტურებისგან განსხვავებით, რომელთა ნაგებობები, გზები და ნამოსახლარები შემდეგი თაობების მიწათმოქმედებამ დააზიანა, მაიის ნამოსახლარები უსიერმა ტყემ გადაარჩინა.

კვლევაზე ამერიკელი, ევროპელი და გვატემალელი მეცნიერები მუშაობდნენ, გვატემალის მაიის მემკვიდრეობისა და ბუნების ფონდთან თანამშრომლობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com