წულუკიანი: ორი პირობა არსებობს იმისთვის, რომ ახალ პრემიერთან ვიმუშაო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ იმისათვის, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი პრემიერ–მინისტრის პირობებში იმუშაოს, ორი პირობა არსებობს:

“პირველ რიგში, ახალი პრემიერ–მინისტრისთვის უნდა იყოს საინტერესო ჩემთან მუშაობა და ასევე ჩემთვისაც უნდა იყოს საინტერესო”, – განაცხადა წულუკიანმა სასტუმრო “რადისონში”, სადაც ამბასადორიალი მიმდინარეობს. წულუკიანი გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშიდნელ ღია წერილს, სადაც მან პრემიერის პოსტიდან წასვლა დააანონსა:

“პრემიერ–მინისტრმა ყველას გვთხოვა, რომ მის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მხარში დავუდგეთ. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩემი პირადი სურვილი იქნებოდა იგი მას შემდეგ წასულიყო, რაც ქვეყანაში ყველაფერი დალაგდებოდა. როგორც ჩანს, ის ამას იზიარებს, მაგრამ მაინც ძალიან მალე აპირებს, რომ იმ, მე ვიტყოდი, ერთ–ერთ ყველაზე სუსტ წერტილში გადაინაცვლოს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია და ამით დაეხმაროს სახელმწიფოს რეალურად დემოკრატიულ სტრუქტურად ჩამოყალიბებაში. მომავალი გუნდი იქნება კოალიციური რეჟიმის, მე ამის მჯერა და მწამს. ჩვენ, ექვსი პარტია, გავერთიანდით მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. ვერავინ ალბათ ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ კოალიციურ რეჟიმში არ გააგრძელოს მუშაობა იმ პროგრამის შესასრულებლად, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში შევთავაზეთ ქართველ ამომრჩეველს”, – განაცხაად წულუკიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პრემიერის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის შერჩევასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge