ახალი ამბები

უსუფაშვილი: მართვის სისტემა პრემიერის გადადგომისთვის მზად არის

3 სექტემბერი, 2013 • 1030
უსუფაშვილი: მართვის სისტემა პრემიერის გადადგომისთვის მზად არის

“პრემიერ-მინისტრის გადადგომა კონსტიტუციით იწვევს მთავრობის გადადგომასაც. ახალი პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილი იქნება მოქმედი უმრავლესობის მხრიდან, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური მოთხოვნა, უმრავლესობა და კოალიცია “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და მერე შეიქმნება მთავრობა. მთავრობის თავიდან შექმნა არ ნიშნავს ყველა მინისტრის შეცვლას, თუმცა, შესაძლოა, იყოს საკადრო ცვლილებები, მაგრამ ზოგადად პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, პარლამენტი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, ამიტომ რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ ველით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, ჯერ უცნობია, თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს პრემიერის თანამდებობაზე:

 

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“ამ დროისთვის არ გვყავს ასეთი კანდიდატი და არც შეიძლება გვყავდეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, წავედიო, მან თქვა წავალო. ამიტომ კანდიდატზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ?!”

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ივანიშვილის დამსახურება ქართულ პოლიტიკურ პროცესებში და იმაში, რაც დღემდე ქვეყანაში მოხდა, არის ძალიან დიდი:

 

“და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალშიც. ბიძინა ივანიშვილი ასრულებს თავის ყველა დანაპირებს, მათ შორის აპირებს იმ დანაპირების შესრულებასაც, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში ის დატოვებდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სხვა ფორმით გააგრძელებდა ქვეყნისათვის სამსახურს. კოალიცია ამისთვის მზად იყო, ვინაიდან ბატონმა ბიძინამ ეს ბრძანა კოალიციის შექმნის საწყის ეტაპზევე, განვლილ პერიოდში ის მუდმივად საუბრობდა ამაზე, ამიტომ მართვის სისტემა, ასევე, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ნიუანსი და დეტალი ამ საქმისთვის მზად არის”.

 

უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ერთ ადამიანზე აღარ იყოს ქვეყანა დამოკიდებული:

 

“ყველამ შევძლოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება და ქვეყნის სამსახურში ყოფნა სხვისი იმედის გარეშე. ეს ყველაფერი დაგეგმილი პროცესი იყო, გვიხარია თუ არ გვიხარია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა შევეგუოთ ისეთ ცხოვრებას, როდესაც რაღაცები ხდება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ყველანი მზად ვართ ამისთვის და  ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, თუ რის გამო აპირებს თანამდებობიდან გადადგომას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი