EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”  თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. როგორც EMC-ის იურისტი, მარიამ ბეგაძე ამბობს, სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაძლო დარღვევას ეხება:

“სარჩელი, რომელსაც ვამზადებთ, უდანაშაულობის პრეზუმფციას ეხება. იმ პირობებში, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, სახელმწიფომ პირველივე ეტაპზე ამ საკითხზე საუბრისას პირდაპირ დაუკავშირა ის დანაშაულს. მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერაზე. ვრცელდებოდა საჯარო პირების განცხადებები. ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ემსახურებოდა, მის გარშემო ერთგვარი დანაშულის სტიგმა შექმნილიყო.

ამ პირობებში ჩვენ იმასაც კი ვართ მოკლებული, რომ გვქონდეს წვდომა საქმის მასალებზე იმისთვის, რომ თავად ჩვენ დავუპირისპიროთ გამამართლებელი მტკიცებლებები, რომელიც საქმეში არსებობს იმ ყველა წინა  ქმედების, რომელმაც შექმნა ეს მდგომარეობა უდანაშულობის პრეზუმფციის დარღვევის ხარჯზე” – ამბობს EMC-ის იურისტი.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს პროკურატურაში შეხვედრა გამართეს. როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის ატვოკატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი შეეხო, თუ რა ფორმით გააგრძელებდა გარდაცვლილის ოჯახი პროკურატურასთან თანამშრომლობას:

“მასალების გაცნობის ფორმატი ჩვენ არ გვქონია. არანაირი მასალები არ გაგვაცნეს. შესაბამისად, ეს ფორმატი არ ყოფილა ჩვენი შეხვედრის მიზანი. ჩვენი სეხვედრის მიზანი იყო, თუ როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას და რა ფორმატით გავაგრძელებთ ურთიერთობას. პირველი თხოვნა იყო, რომ დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. მანამდე იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისი დასკვნები. მტკიცებულებებს, ყველაფერს გაგვაცნობენ იმავე რეჟიმში, როგორიც იყო აქამდე და თხოვნა იყო, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს” – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

მოვლენათა ქორონოლოგია
  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისში სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.