მერის განცხადება ჩვენთვის პოზიტიური სიგნალია – “სითი ინსტიტუტის” დირექტორი

“სითი ინსტიტუტის” დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ მათთვის პოზიტიური სიგნალია თბილისის მერის მოთხოვნა თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭირო ვადების დასახელების შესახებ. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტს” დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭირო ვადების წარსდგენად დრო 12 იანვარს, დღის ბოლომდე მისცა.

როგორც სალუქვაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მერის ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამნიშვნელოვანია თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის  დოკუმენტი. მისი აზრით, მერის დღევანდელი განცხადება ეხებოდა არა რაიმე ხარვეზს, არამედ უფრო მეტი დასაბუთების აუცილებლობას, რისთვისაც ორგანიზაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

“პირველ რიგში, დავაზუსტოთ, რომ ეს ხარვეზი არ უხსენებია მერს.  აქ  საუბარი იყო სრულყოფაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტისა, იმ სახით მიღებაზე, რომელიც მერიისთვის არის მნიშვნელოვანი.  ჩვენ ძალიან პოზიტიურად და ბუნებრივად მივიღეთ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ის დოკუმენტი ძალიან მასშტაბური დოკუმენტი არის, იცით თქვენ ეს. ხუთი ეტაპი, რომელიც მერიამ უკვე ჩაიბარა, ბუნებრივია, უამრავ რადიკალურ ცვლილებებს ითვალისწინებს ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ის, რომ მერიას, რომელიც შემდგომ იქნება მესაკუთრე ამ შრომისა და მან უნდა განახორციელოს ეს ყველაფერი რეალობაში, ბუნებრივია, სჭირდება, ალბათ, უფრო მეტი დასაბუთება იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ჩვენ, ვთქვათ, ზონირების ნაწილში ან სატრანსპორტო ნაწილში გვაქვს. ეს არის ძალიან ბუნებრივი, რაც ბატონმა კახამ განაცხადა და ჩვენ აბსოლუტურად თანამშრომლობის რეჟიმში მზად ვართ “ – განმარტა სალუქვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ვადებს, მამუკა სალუქვაძის თქმით, ვადებსა და დოკუმენტზე სასაუბროდ, ალბათ, დღის ბოლომდე მერიაში მისვლა მოუწევთ.

“ჩვენ დღეს წარვადგენთ ვადებს, რა ვადას ვფიქრობთ, გონივრულ ვადას, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში შევძლოთ და ეს დოკუმენტი ისეთი სახით იყოს წარდგენილი. ჩვენ, რა თქმა უნდა , საბოლოო ვერსია წარდგენილი გვაქვს, მაგრამ ისეთი სახით იყოს წარდგენილი, როგორც ეს დამკვეთს უნდა. სავარაუდოდ, ჩვენ მერიაში მივალთ დღეს და იქ წარვადგენთ ვადებს”.

მამუკა სალუქვაძემ მერიის მიერ “სითი ინსტიტუტის” დაჯარიმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მერიის შენიშვნებს ორგანიზაციამ სრულყოფილად უპასუხა, თუმცა თვითონ მერიის მხრიდან არ იყო მკაფიოდ გამიჯნული, რომელი იყო შენიშვნა და რომელი იყო გარკვეული განმარტებების გაკეთების მოთხოვნა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ ამ შენიშვნებთან დაკავშირებით, ზოგი შენიშვნა იყო, ზოგი განმარტება იყო, ასე კვალიფიცირება არ იყო და ეს ძალიან აძნელებს სამუშაოს, როდესაც ვერ გაიგებ, რომელი შენიშვნაა და რომელი განმარტება. მაგალითად, იყო ტერმინის განმარტებაზე რაღაც საუბარი.  ბუნებრივია, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი შენიშვნები და ამიტომ ამჟამად უკვე აღარ იყო საუბარი ხარვეზებზე. ლაპარაკი არის განმარტებებზე და დასაბუთებაზე, რასაც ჩვენ ვეთანმხებით” – აცხადებს მამუკა ასალუქვაძე.

  • 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტს” დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭირო ვადების წარსდგენად დროს დღის ბოლომდე მისცა.
  • მერიას “სითი ინსტიტუტთან” შენიშვნები ადრეც ჰქონდა. 2017 წლის დეკმებერში მერიამ ორგანიზაცია 145 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი მერიის მიერ ორგანიზაციის დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები იყო, რომლებიც ძირითადად ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა. მაშინ ხარვეზების გამოსასწორებლად “სითი ინსტიტუტს” 10-დღიანი ვადა მიეცა.
  • “სითი ინსტიტუტმა “თბილისის გენერალური გეგმის მოსამზადებლად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ ორგანიზაციას 2 800 000 ლარი გამოუყო. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ დოკუმენტი ქალაქის მთავრობას  2017 წლის  აპრილში უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ამ დრომდე არ არის მიღებული.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან